суббота, 19 марта 2011 г.

ჩრდილების როკვა

     
...თუ მასეა...
 ...რადგან მასე ყოფილა ამბავი...
 ...კარგი, დამშვიდდი, კეთილო კაცო...
 ...მეც დავმშვიდდები... როგორ შემაშინე თავიდან... ერთი წამით გავალ, სახეზე წყალს შევისხამ... სულს მოვიბრუნებ...
 შენი მოულოდნელი სტუმრობით ჩაძინებული იარები გადამიხსენი. იმდენს ვინახავ გულში, გასკდა ოხერი... რადგან კარზე ხარ მომდგარი... რადგან შენმა სატრფომ თუ ბედისწერამ ამ მიყრუებულ ადგილას გამოგგზავნა... მ ა ს თუ არ ჩავთვლით, პირველი ადამიანი ხარ, ვისაც ვხედავ დიდი, დიდი ხნის მანძილზე... კარგი კაცი ჩანხარ... შენმა ნაამბობმა გული ამიჩვილა.. შენმა ცრემლებმა... მე კი... აღარ შემიძლია ამდენის ტარება, მოგიყვები ყველაფერს დაუფარავად, და მერე ჯანდაბამდის გზა მქონია!
 ასმათი მქვია.
 ...მკითხავ, როგორ ვატარებ დღეებს? არ მკითხავ? შენი ცნობისმოყვარეობა მხოლოდ მ ა ს ეხება? არა, არ გინდა თვალთმაქცობა, ვიცი, რომ ასეა.
      მკითხავ, ვინა ვართ ერთმანეთის? რატომ ვცხოვრობთ ერთად ამ მიყრუებულ გამოქვაბულში? დაიჯერებ, რომ გითხრა, მეგობრები ვართ-მეთქი? ყველაფერს დაიჯერებ? ამქვეყნად ყველაფერი ხდება?
 დღეებს კი ასე ვატარებ. დილაობით მ ა ს სანადიროდ ვაცილებ. ცხენს შევუკაზმავ, ძვირფასთვლებიან უნაგირს და უზანგს გავუპრიალებ. მერე აქ ვბრუნდები და...
 და არაფერი. წუთი წუთს მისდევს, ფიქრი _ ფიქრს. წარსული სულ უფრო უცრაურ იერს იღებს ამდენი ხარშვით, სულ დაკარგა სიმკვრივე, ჩაფლავდა, ჩაიდღლიზა. უგემურ უსარგებლო მასად იქცა. პლატონი სანამ ცხოვრებას მზეზე ჩრდილების როკვას მიამსგავსებდა,  _  რას გაოცდი, მეფის კარზე განათლება მაქვს მიღებული _ ისიც ალბათ კარგა ხანს ცხოვრობდა რაღაც თავის გამოქვაბულში... ზურგით გამოსასვლელისკენ... თუ გამოსავალისკენ...
 გავალ, გამოვალ... ველოდები, როდის დაბრუნდება... ველოდები, მის შემდეგაც, როცა დაბრუნდება... ყველაზე დიდი ჩრდილია ამქვეყნად ლოდინი. ლოდინში გადის ყველაზე გულის გამაწვრილებლად დრო, მდორედ და ბლანტად...
 წლებია, ტყუილუბრალოდ ველოდები.
 ერთად შეგვყარა ბედმა, საერთო კი არაფერი გვაქვს, ერთი ადამიანის გარდა, ვის ძებნაშიც ვართ ამდენი ხანია, ვისი პოვნის იმედიც გვაბამს ერთმანეთთან ჩვევის თუ ვალდებულების მყარი თოკებით. თორემ, საერთო კი არა, სალაპარაკოც არ გვქონია არასდროს, თურმე, მე და მ ა ს. როცა ვნება გონებას გიბინდავს, ეს არც გაწუხებს, შეიძლება, ვერც შეამჩნიო. მაგრამ, მერე... თუ ერთ გამოქვაბულში მოხვდით... თანაც მყარი, ჩვევის თუ ვალდებულებების თოკებით დაბმულები...
 უკვე კარგა ხანია, მინდა, ყველაფერი გადაწყდეს...…გაწყდეს _ იქ, სადაც წვრილია... ნეტავ ვიპოვოთ, ვისაც ვეძებთ, ვისი პოვნაც ასე მეშინოდა წლების წინ... დავისვენებთ მეც და ი ს ი ც. იმ სიკვდილმისჯილს ვგავარ, დღიდან დღემდე რომ გადაუვადებენ სასჯელს, და ისიც დღიდან დღემდე ყოველდღე ემზადება სიკვდილისთვის...
 ახლა მზეს შესახებ მოგიყვები.
                              _
 მზე მე დავარქვი.
 პირველად რომ დავინახე, _ ბავშვები ვიყავით, _ აღტაცებით წამოვიძახე, რა ლამაზია, მზესავით ბრდღვიალა-მეთქი.
 ყველას გაეცინა, მეფე კი მომიბრუნდა და მკითხა, გინდა, მისი სეფე-ქალი გახდეო?
 გამიხარდა. ერთი შეხედვით შემიყვარდა, ისეთი უცნაური სილამაზისა იყო.
 გარშემომყოფთა მთავარი მოვალეობა მისით აღტაცება და მასზე ზრუნვა იყო. მეც მის აღტაცებაში და მასზე ზრუნვაში ვიზრდებოდი, თავიც კი იმიტომ მიყვარდა, მგონი, პატივი რომ მეღირსა, მისთვის მემსახურა. ხშირად მიწოდებდა დას, და ეს ყველაზე ბედნიერი წუთები იყო ჩემს ბავშვობაში. ჩემს დანიშნულებას მისი სურვილების ხმამაღლა გაცხადება წარმოადგენდა, იმიტომ რომ მზე სამყაროსგან მოშორებით არსებობდა და პირდაპირ არ ეხებოდა მას. ამისთვის მე ვყავდი, პატარა დაუღალავი სხივი, უსაზღვროდ ამაყი ამით. იცოდა მზემ, რომ მზე იყო, რომ მის გარშემო ბრუნავდა კაცობრიობა...
 მეფემ მზეს ულამაზესი კოშკი აუგო, ტახტი იაგუნდებით და ლალებით გააწყობინა. ეზოში შადრევნები ჩქეფდა, საბანად ვარდის წყალი გვქონდა. დილა-საღამოს ბაღში სეირნობა გვიყვარდა. ზოგჯერ მზე ცერად გადმომხედავდა და მეც ყურს ვუმარჯვებდი ჩასაჩურჩულებლად. `მზეს ხილი ნებავს~, _ ვიტყოდი წლობით ათვისებული ღირსეული სიდინჯით. მებაღეები ეცემოდნენ ხოლმე ნაირნაირ ხეებსა და ბუჩქებს ახალი ნაყოფის მოსაწყვეტად. ჩუმად მდგარი მზე მშვიდად ალივლივებდა გასაოცარ მელნისფერ თვალებს, მერე ჩუმადვე დააგემოვნებდა ოქროს ლარნაკზე მორთმეულ ხილს და მეტყველად გადმომხედავდა. `მზე კოშკში ბრუნდება~, წარბს ვწევდი მე და მონას ვანიშნებდი, ლარნაკი თან წამოეღო. კოშკის კიბეზე მონებს ოქროს საკაცით ავყავდით, გვერდიგვერდ ვისხედით, თანასწორებივით, დებივით.
 თანასწორებივით, დებივით გვერდიგვერდ გვეძინა, ვჭამდით, ვთამაშობდით, ვქარგავდით. მერე მეფემ მზე თავის ქვრივ დას მიაბარა, რათა მას ერთადერთი   ძმისწულისთვის სიბრძნე ესწავლებინა.
 დავარის ძალიან მეშინოდა. ნიღაბივით არამეტყველი სახე ჰქონდა, თხელი ტუჩებიდან ძუნწად ცრიდა სიტყვებს. გასაოცარი ის იყო, რომ სრულიად განსხვავებული გარეგნობის მიუხედავად, რაღაცით მზეს მაგონებდა. ერთნაირი გამოხედვა ჰქონდათ, მზეს გადაშლილ და მუქ, დავარს _ გაქუცულ წარბქვეშიდან, იდუმალი, გულის სიღრმეში მოფათურე გამოხედვა, ორივე აქვავებდა _ ერთი აღფრთოვანებით, მეორე შეძრწუნებით. არც იყო გასაკვირი, დავარს მთელი ცხოვრება ქაჯეთში ჰქონდა გატარებული. დაქვრივების შემდეგაც იქ განაგრძობდა ცხოვრებას, მიუხედავად უშვილობისა. დარწმუნებული ვარ, მეფეს დის შიშნარევი რიდი გააჩნდა, _  მის სიბრძნეზე არაკები დადიოდა. ამიტომაც მიაბარა აღსაზრდელად ტახტის ერთადერთი მემკვიდრე.
 ახლა იმდენ დროს ვეღარ ვატარებდით მე და მზე ერთად. მამიდა თითქმის მთელი დღე თან იახლებდა, მხოლოდ ორი ერთგული მონა ემსახურებოდათ.  შორიდან გეგონებოდა, თითქოს არც ლაპარაკობდნენ, მხოლოდ დავარი დროდადრო ძუნწად ცრიდა სიტყვებს სადღაც სივრცეში, მზეს არ უყურებდა, ისე. მზე კი დუმდა, დუმდა, დუმდა მელნისფერი თვალების მშვიდი ლივლივით. ვერ გაიგებდი, უსმენს, თუ არ უსმენს...  დღე დღეს ისე დაემსგავსა,  თვე _ თვეს, როგორც ცაზე ვარსკვლავები ზაფხულის ცხელ ღამეში... მერე, როგორც იქნა, სასახლეში დაგვაბრუნეს... და უეცრად გავარდა მეხი.
 თითქოს ისეთი არაფერი, მეფემ ნადირობის შემდეგ მოგვინახულა, თან ნანადირევიც მოგვართვა. ბაღში მოწყობილ კარავში ვისვენებდით მზე და მე, ორი მონა უძრავად გარინდულიყო ფარდაგს იქით. მზეს გაუხარდა მამის დანახვა _ მელნისფერი თვალების კრიალზე შევატყე, მიუახლოვდა, შუბლი მიუშვირა საკოცნელად. მე თავდახრით ვეცი თაყვანი. მეფე კარგ გუნებაზე გახლდათ, დაბრძანდა და თავისი ქალი მოიკითხა. მზე მშვიდად სცემდა პასუხს, და მე შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს მოვალეობას ვერ ვასრულებდი, მაგრამ მეფე-მამასთან მზე უბრალო საყვარელი მოკვდავი იყო.
 მეფე მომიბრუნდა და გარეთ მომლოდინე ამირბარისთვის ნანადირევი დურაჯების გამორთმევა მიბრძანა. მზეს გავხედე მალულად, თვითონაც თვალი მიყო _ ამირბარზე ბევრი გვქვონდა გაგონილი და დიდი ხანია, მისი ნახვა გვინდოდა. ფარდა გადავწიე და გავიხედე.
 ველოდი, ერთი ძალიან ლამაზი ყმაწვილი დამხვდებოდა... სიმართლე ვთქვა, ლამაზი ყმაწვილები არასოდეს მომწონდნენ...
 ეს სხვა იყო... ლამაზი კი არა... ვაჟკაცი კი არა... უფრო სწორად, როგორ არა, სწორედაც რომ იყო, მაგრამ... ათასიდან გამოარჩევდა თვალი. აი, რაღაც აუხსნელი ქალური გუმანით... ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს პირველ მამაკაცს ვხედავდი, მიწიდან ახლად გამოძერწილს, სუფთას და სრულყოფილს. მის გვერდით ყველაფერი მამრობითი ხუნდებოდა. ვუცქერდი ასე, მოწიწებით და გაოგნებით, თვითონაც დაძაბული მიყურებდა. უცებ კარვიდან მეფის ხმა შემომესმა. გამოვერკვიე, ამ ღმერთკაცს მივუახლოვდი და დურაჯები გამოვართვი. უეცრად მან ჩემს თვალწინ ფერი დაკარგა და ჩაიკეცა...
 ატყდა ერთი ამბავი. მეფე არასდროს მინახავს ასე შეშინებული. უყვარდა ძალიან, შვილივით ზრდიდა ამ  ყმაწვილს. ხან წყალი ასხეს, ხან სახეში ურტყეს. მერე სასახლეში გადაიყვანეს, და ჩვენს, ქალების პატარა სამფლობელოში ისევ სიწყნარე ჩამოწვა.
 მზეს მუხლებთან მოვიკალათე, შეშფოთებით ჩავხედე საოცარ თვალებში. და მრავალი წლის მანძილზე პირველად არ დავინახე მელნისფრად მოლივლივე განურჩეველი სიმშვიდე. იქ ახლა მოუსვენარი შფოთიანი ტალღები დარბოდა. შეხედე-მეთქი, მზეო, ამირბარს? გაეღიმა. იმნაირად, როცა გაახსენდებოდა, რომ მზეა და მის გარშემო ბრუნავდა მიწამრგვალი. მანაც დამინახა, შენ რომ ფარდა გადასწიე, _ იმიტომ დაემართა გულყრაო, მიჩურჩულა. გამწიწკნა გულში, გამწიწკნა. მზესთვის აღარაფერი მიკითხავს მელნისფერში აყალყულ ტალღებზე.
 სამი დღე სიკვდილს ებრძოდა ამირბარი. ამბობდნენ, ეშმაკი შეუჩნდაო. მერე გონს მოვიდა, და მთელმა სასახლემ შვებით ამოისუნთქა. 
 სწორედ მაშინ მიბრძანა მზემ იმ წერილის დაწერა.
 მთელი დღე ვიწვალე. სასიყვარულო წერილი ცხოვრებაში არ  დამეწერა, მით უმეტეს, ღმერთკაცისათვის, რომელსაც ნებისმიერი ქალის მიწიერი სიყვარული შეურაცხყოფდა თითქოს... ალბათ, მზეს სიყვარულის გარდა... ცხადია, უბრალოდ ისე არ მიბრძანებდა ამ წერილის დაწერას... ბოლოს თავი მზედ წარმოვიდგინე. ეს არ გამჭვირვებია _ ბავშვობაში ხშირად ვთამაშობდი მალულად, ვითომ მზე ვიყავი მე და ის _ ასმათი. ბოლო-ბოლო, რაღაცა გამოვიდა, მზემ რომ წაიკითხა, კმაყოფილი დარჩა.
      იმ ღამეს სიზმარი ვნახე.
 ღმერთკაცს თავი ჩემს მუხლებზე ედო, მე თმაზე ვეალერსებოდი.
 გეფიცებით, არც ცხადში, არც სიზმარში, არც მანამდე, არც მას შემდეგ მსგავსი ნეტარება არ განმიცდია. არც არსებობს ბუნებაში, ალბათ. უეცრად ღმერთკაცმა თავი ასწია და მაკოცა...
 ...შეხება ისეთი ცხადი იყო, გამოვფხიზლდი. ტუჩი მიხურდა. მაშინ ჯერ ვერ ვხვდებოდი, რომ სიზმრის დამწვრობა მივიღე _ უდრტვინველად ჩავიძინე და შეყვარებულს გამომეღვიძა.
 რას არ ნახავ სიზმარში-მეთქი, არეულმა გავიფიქრე. გამოყოლილი განცდა ისეთი ძლიერი იყო, კარგა ხნით წამართვა თავი. თუმცა მოგვიანებით, როცა მზესთან ერთად ვსაუზმობდი, ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა _ მე, ჩემი სათაყვანებელი მბრძანებელის დამ და მოახლემ, ღრმად გულში ჩავიჩურთე კადნიერი სიზმარი. ერთადერთი, რაც ახლა მინდოდა, საუკეთესოდ შემესრულებინა მზეს ჩანაფიქრი.
 წერილი მონას გავატანე, თან გული საგულეს არა მქონდა _ ის ხომ ჩემი სახელით მიუვიდოდა. ღმერთკაცს რაღაც დროის მანძილზე ეგონებოდა, რომ მიყვარს...
      ეგონებოდა თუ ეცოდინებოდა...
 მონამ პასუხი მომიტანა _ იგი თანახმა იყო შეხვედრაზე.
      მზეს უნებური ფარული ნიშნისგებით გავხედე და თავი შემეზიზღა. მან მშვიდად შემომალივლივა მელნისფერი თვალები და თავის დაწერილი წერილი ამოაცურა უბიდან. უხმოდ გამოვართვი და ჩემს ოთახში გასამზადებლად შევედი.
 მარტოდ დარჩენილმა ერთხანს ვათვალიერე თავი სარკეში. რა სახის კანი მაქვს, რა თმა, რა თვალები! კარგი ვარ, ძალიან კარგი, ოღონდ... როცა თავზე დამდგარი მზე არ მჩრდილავს...
 აკანკალებული ხელებით წავისვი ფერუმარილი, მოვიწესრიგე თმა და მზეს რომ ჩემი განსაკუთრებული მზადება თვალში არ მოხვედროდა, სახლშივე ჩავიფუთნე პირბადეში.
 ...მონა წინ გავუშვი. მე სასახლის ერთ მოფარებულ კუთხეში დაველოდე. დარბაზში ნადიმი გაემართათ, ნაავადმყოფარი ამირბარიც იქ იყო. მონა მალევე დაბრუნდა და ღმერთკაცის საძინებელში  აღვმოჩნდი მისივე ბრძანებით. იქ როგორ შევედი, არ მახსოვს. შუა ოთახამდე მივედი და გავხევდი. გავიდა რაღაც დრო. ალბათ, საკმაოდ ცოტა ხანი, თუმცა მე საუკუნედ მეჩვენა. მერე გარედან ნაბიჯების ხმა შემომესმა და თავი მოვიყოჩაღე. ნელა შემოვიდა, დაკვირვებით შემომხედა. როგორც იქნა, გახევებული სხეული დავიმორჩილე და თაყვანი ვეცი. შევატყე, გაუკვირდა. თუ ჩემი სურვილი გკლავს, რატომ დგახარ მოშორებითო, გამეთამაშა თამამი ღიმილით და ჩემსკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა. ამ სიტყვებმა გამომაფხიზლა, როგორღაც მეწყინა, პირბადე მოვიხსენი. თავიდან ფეხებამდე მყისიერი მზერა მესროლა, აღფრთოვანება შევატყე... კარგი ვიყავი, ძალიან კარგი, მზე რომ არ მადგა თავზე...
  ცივად ვუთხარი, რომ მხოლოდ ჩემი ქალბატონის ბრძანებით მოვედი მისთვის წერილის გადასაცემად. გაფითრდა. შეცვლილი გამომეტყველებით გამომართვა წერილი და ტკივილით შევამჩნიე, რომ მისთვის უცებ გავქრი. სულმოუთქმელად ჩაიკითხა, იქვე დაწერა პასუხი და მერეღა მომხედა.
 _ქალბატონმა გადაწყვიტა, უმჯობესია, ყველას ეგონოს, რომ შენ... და მე... რომ...
 _გასაგებია, _ მითხრა. მერე ძვირფასეულობით სავსე ზარდახშა გამოიტანა და გამომიწოდა. გაოცებით შევხედე. როგორღაც დარცხვენილი ჩანდა, ალბათ წეღანდელი გაუგებრობის გამო, და საერთოდ ვერ ხვდებოდა, რომ სწორედ ახლა მატკინა გული.
 _მადლობა, თავზე საყრელად მაქვს ესენი, _ დავხარე თვალები, მათში ჩემი გული რომ არ წაეკითხა. სხვადასხვა თვლებით გაწყობილი ოქროს სამკაულები მზესავით ანათებდა სანთლების სუსტ ციალში. ღმერთკაცმა ამ ერთგვაროვანი გროვიდან ბეჭედი ამოიღო და უხმოდ გამომიწოდა. სიზმარეულივით გამოვართვი და თითზე გავიკეთე. ცალკე ის ულამაზესი და ნატიფი აღმოჩნდა... როცა ზარდახშის ბრდღვიალში არ იკარგებოდა... და მე საჩუქარი მივიღე.
 მზემ მისწერა, რომ იცის _ მისი სიყვარულის გამო გახდა ავად ამირბარი, ისიც თანაუგრძნობს, მაგრამ უნდა, თავისი რჩეული ბრძოლის ველზე გამოსცადოს, და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ...
 მზე უნდა იყო, რომ ასეთი წერილი გაუბედო ღმერთკაცს.
 ორიოდე დღის შემდეგ თავისთან დაიბარა.
 ბაღში მე შევეგებე, მანამდე ერთი სიკვდილი გავათავე, სანამ ყველა
მონის და მსახურის იქიდან მოცილება მოვახერხე. 
 შორიდანვე რომ დავინახე, თითქოს მკერდში რაღაც ჩამწყდა. მაშინ ვუთხარი პირველად ჩემს თავს, რომ მიყვარს.
 არ ვიცი, როგორ შევძელი მხიარული სიცილ-კისკისით მიგებება, საერთოდ ლაპარაკი. როგორ არ გამისკდა გული, მზესთან რომ შევიყვანე კარავში. ერთმანეთს როცა უყურებდნენ... ისე უყურებდნენ...
 მერე მზემ ცერად გადმომხედა, მეც მივუახლოვდი და ჩვეულებისამებრ ყური მივუმარჯვე ჩასაჩურჩულებლად.
 _ ახლა ვერაფერს გეტყვის, ჯობს წახვიდე, _ გავუბედე ღმერთკაცს.
 ისიც წავიდა.
 სასახლეში ომის სამზადისი დაიწყო. ამირბარმა ხატაელებს თავხედური წერილი მისწერა და სულ მალე თავხედური პასუხიც მიიღო. დაიწყო ენით აუწერელი ქაოსი, ჯარის შეგროვება, გეგმების შედგენა. კაციშვილი არ ეჭვობდა, რომ ამ ყველაფრის წამომწყები, სასახლის ამაოებას მშვენიერ ბაღში გარიდებული, მელნისფერი თვალების დაკვირვებული ლივლივით მშვიდად იჯდა და ახალ სუფრას ქარგავდა.
 მთელი ის დრო, სანამ ლაშქარი გამარჯვებით დაბრუნდებოდა, თავაუღებლივ იმუშავა.
 მერე ისევ გამგზავნა წერილით.
 ღმერთკაცი რომ დავინახე, სუნთქვა შემეკრა. თუკი შეიძლებოდა სრულყოფილების სრულყოფა, არ მეგონა. ბრძოლის ჟინმა და გამარჯვების სიამაყემ რაღაც სხვა კვალი დაამჩნია მთელ მის არსებას. თაყვანი მინდოდა მეცა, მაგრამ დამასწრო და შუბლზე მაკოცა. უხაროდა ხოლმე ჩემი დანახვა, ჩრდილი ყოველთვის გულისხმობს მზეს.
 მზემ მასთან ძვირფასი სამკლავური გამატანა საჩუქრად, და როცა ღმერთკაცმა იგი რუდუნებით მოირგო, მივხვდი, რომ მთელი მისი ვაება შეფასებული და დაფასებულია, რომ იგი ათას ხატაეთს აიღებს ერთი ასეთი მზეს ნაქონი სამკლავურისთვის.
 ნეტა, როდის დამეკიდა ეს მძიმე ლოდი გულზე, მოძრაობები რომ დამიბრკოლა, ცხოვრების ხალისის ნატამალი არ დამიტოვა?
 მზე ჩემთვის მოიღრუბლა. მზე, რომელსაც ყველაზე მეტად ვეთაყვანებოდი ამქვეყნად. ორივე დავიძაბეთ, ორივე თითქოს პირველად ვხედავდით ერთმანეთს, მაგრამ მზე მაინც მშვიდი, ძალიან მშვიდი იყო...
 ...სანამ თავზარდამცემ ამბავს შევიტყობდით _ მას ხვარაზმშას ვაჟზე ათხოვებენ.
 მზემ მხოლოდ ერთი იკითხა _ ამირსპასალარმა თუ იცისო. ამით შევატყე მხოლოდ, რომ წყობიდან იყო გამოსული. სხვა შემთხვევაში ასეთ კითხვას გარეშეებთან არ დასვამდა.
 კიო. ისიც იყოო თათბირზე.
 მზეს რაღაც გაბმული დაბალი ღრენა აღმოხდა. რომ შევხედე, გამაცივა, ისეთი სახე ჰქონდა. ამირბარის მოსაყვანად გამგზავნა.
 სანამ იგი მოვიდოდა, მზე ტახტზე წამოწვა, რაღაცას თვალი გაუშტერა, ალბათ, თავის ფიქრებს. მერე ჩვეულებრივი ქალივით მწარედ ამოიოხრა. გული დამეწვა, მივვარდი და ვაკოცე მშვენიერ შუბლზე. მოდისო, მანიშნა და რბილად მომიცილა, ტახტზე კეკლუცად წამოიწია, ტანისამოსზე დაიხედა, შეისწორა. მერე ცივი გამომეტყველება მიიღო.
 ამირბარი ისედაც ნირწამხდარი ჩანდა, მძვინვარე ვეფხვივით წამოწოლილი ქალის დანახვაზე სულ მოიღვენთა.
 საუბარი მძიმე იყო. მზემ მოღალატე უწოდა, ამირბარი თავს იმართლებდა, მეფის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლის ნება არ მქონდაო. კუთხეში მიმჯდარი, ჩუმად ვუსმენდი. გული საგულეს არა მქონდა, თვითონაც აღარ ვიცოდი, რა მინდოდა, რასა ვგრძნობდი. ეს ქორწინება იყო ისეთი უბედურება, და ამავდროულად _ ო, ღმერთო, ისეთი ბედნიერება... საკუთარი თავი მძაგდა, მაგრამ ვგრძნობდი, _ საერთოდ ვეღარ ვუმკლავდებოდი თავსდამტყდარ გრძნობათა მორევს, ამიტომ აკანკალებულმა, სუმთლად სველმა და მისუსტებულმა თვალები დავხუჭე და თავი კედელს მივაყრდნე.
 _ ...მაშინ სასიძო უნდა მოკლა, სხვა გზა არ არის, _ შემომესმა რაღაც ბურანიდან მზეს ხმა. ფეთიანივით წამოვჯექი. მე უწინდებურად არავინ მაქცევდა ყურადღებას.
 შემომესმა თუ ეს მზემ თქვა... არა, არ შემომესმა... მზე არიგებდა ამირბარს, როგორ უნდა მოეკლა ხვარაზმშას ძე მხოლოდ იმიტომ, რომ იგი დასთანხმდა მამამისის შემოთავაზებას, შეერთო მზე ცოლად... არიგებდა, როგორ უნდა ემართლა თავი ხელისუფლების წყურვილით და როგორ არ უნდა შეემჩნია მზეს მიმართ სიყვარული.  მელნისფერი თვალების მშვიდი ლივლივით არიგებდა...
 ამირბარი მორჩილად უსმენდა, ყველაფრისათვის მზადყოფნის გამომეტყველებით, და მე უცებ შემეზიზღა...
 ...მზე საბოლოოდ ჩამიქრა.
 ...ყოველთვის ყველაფერი ისე ნათელი იყო ჩემს ცხოვრებაში, ფეხი არსად მიცდებოდა. ახლა კი თითქოს სიბნელეში ხელის ცეცებით მივყვებოდი ჩემი განცდების მოულოდნელ ლაბირინთებს... როგორც უეცრად თვალახელილ ბრმას, ისე მიკვირდა ჩამოწოლილ ბნელში ნაცნობი საგნების და სახეების ახლებური  წარმონაქმნები, ათრთოლებული თითებით რომ ვსინჯავდი... ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ სადღაც ჩემი თავი დავკარგე. დავკარგე თუ რატომღაც დამემალა, შეიძლება მოვბეზრდი ასეთი ჩრდილი... ზედმეტად ფერხთით გაწოლილი, ზედმეტად კუდში მდევნელი, ზედმეტად განაღდებული... და მეც რატომღაც აღარ მქონდა სურვილი მეძებნა ის, ჩემი თავი...
                            _
  ასეთი განრისხებული მეფე მანამდე არ მენახა... რაც ხელში მოხვდა, ყველაფერი მილეწ-მოლეწა. მე თავჩაქინდრული ვიდექი და მხოლოდ იმას ვნანობდი, რომ ასე დავაგვიანე. ვხვდებოდი, რომ უკვე მეც ვძულდი, მხოლოდ მისი თავიდანვე მოცემული სიტყვა მიცავდა ახლა შუაზე გაგლეჯისაგან. მოკლულ უფლისწულს ვიღაცა რომ შეეწირებოდა, ცხადი იყო. ამირბარმა თავს უშველა, მზე ხელშეუხებელი იყო, და მეფეს უცებ თავისი და გაახსენდა. თითქოს მწარე შვება იგრძნო, როცა ჯავრის ამოსაყრელი ნახა. ნამდვილად კუდიანობა შეასწავლა ჩემს შვილსო და დაიფიცა, ცოცხალს არ დატოვებდა.
  ...მეფე ყოველთვის ასრულებდა ფიცს...
  ...საღამომდე სასახლიდან ვერ გამოვაღწიე. მერე როგორღაც გამოვიპარე. მივრბოდი, რაც შემეძლო. ფეხებში აბრეშუმი მებლანდებოდა. არ ვიცოდი, უკვე მიაღწია თუ არა დავარის ყურამდე მეფის ფიცმა, ასეთ შემთხვევაში კი კაცმა არ იცის, რას იმოქმედებდა. ძალიან, ძალიან მეშინოდა მისი...     დარბაზებში არავინ დამხვდა. შორიდან მზეს კივილი გავიგონე. გული ყელში მიცემდა, ფრთხილად მივუახლოვდი მის საძინებელს და გამაცივა. გაგიჟებული დავარი მთელი ძალით ათრევდა თმებით მზეს, წიხლებს ურტყამდა  `შე ბოზოს~ ძახილით. ფეხები დამიმძიმდა და თითქოს იატაკს შემეზარდა. ქალმა მზე ძირს დაანარცხა. სახე მოღრეცოდა და მძიმედ სუნთქავდა. `ახლა წაათრიეთ, როგორც გითხარით,~ _ უბრძანა მონებს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ მოწიწებით გვემსახურებოდნენ ხოლმე. ისინი უცნაური სიხარულით მიუახლოვდნენ დამხობილ მზეს, მკლავებით ასწიეს.
  ორნი იყვნენ. ჯერ ერთმა მკრა ხელი, მერე მეორემ და თვალის  დახამხამებაში აღმოვჩნდი უშველებელ ზურგებს უკან. შევკივლე, მუშტებიც ავაბგუნე მორებივით ხერხემლებსა და სქელკანიან ოფლიან ბეჭებზე. ყურადღებას არავინ მაქცევდა, არც გრძნობდნენ მაინცდამაინც ჩემს დარტყმებს, მაშინ იყო, ერთ-ერთს იდაყვთან რომ ვუკბინე. ერთი საშინელი ხმით იბღავლა, მოქნეულმა გაშლილმა მკლავმა კარგა მანძილზე მომისროლა, თავის გაუსაძლისა ტკივილი ვიგრძენი მაშინვე. ძლივს წამოვჯექი და ტკივილისა და უძლურებისგან ავტირდი. გატეხილი თავიდან თქრიალით მდიოდა სისხლი, ამის დანახვაზე უფრო შემიწუხდა გული. მერე რა ხდებოდა, ბუნდოვნად მახსოვს. ერთს ვხვდებოდი, ნაცემ-ნაბეგვი მზე წაიყვანეს, მე კი ცოცხალ-მკვდარი ვეგდე და ვერაფერს ვშველოდი. 
 ...ქუჩას მთვრალივით მივუყვებოდი, ბანცალით... რამდენ ხანს მივდიოდი, არ მახსოვს. თვალწინ დავარის ბოლო გამომეტყველება მედგა _ ავად და ნიშნისგებით შემომხედა, სანამ მთელი ძალით დანას დაიცემდა მომჩვარულ ძუძუსქვეშ. ყურში მზეს კივილი მესმოდა ისევ. თავზე ჭრილობა მტკიოდა, და ამ ყველაფრის გამო გულამოსკვნით ვტიროდი. ნეტა სულ არაფერი მეთქვა მეფისთვის. უცებ ამირბარი დავინახე. ისე მზრუნველად და შეშფოთებით მომვარდა, გული ამიჩვილდა, ფეხებში ჩავუვარდი და ქვითინით დავიწყე პატიების თხოვნა. კინაღამ ყველაფერში გამოვუტყდი, ჩემი გული მუჭში მოგროვილი ჩაფშვნილი ბროლივით გადმოვუშალე, მაგრამ უცებ მან მზეზე მკითხა, და ვიგრძენი, როგორ გაიფანტა ბროლის ნატეხები მისი ხელნაკრავი ჩემი მუჭიდან.
 უცებ დავმშვიდდი, წამომაყენა, და მე თითქმის დალაგებით მოვუყევი დავართან მომხდარის შესახებ.
 ამოიოხრა.
 მაგრად ჩაფიქრდა.
 ბოლოს, ხომ დამეხმარებიო, მომიბრუნდა.
 და თუმცა თავი და გული ძალიან მტკიოდა, მაინც ვიგრძენი, რომ ცხოვრებას აზრი ეძლევა.
 შემდეგი დღეები, როცა ციებიანივით უკან მივყვებოდი, მის მონებთან ერთად, მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ ბედმა ერთი ცდა მომცა ჩემი სიყვარულის მოსაპოვებლად, და დანარჩენზე მე უნდა მეზრუნა.
 და ფასიც მე უნდა დამედო.
 და მევე უნდა მეყიდა...
 და გამეყიდა...
      ...მზე მენატრებოდა.
 და მძულდა.
      მომენატრებოდა, აბა რა იქნებოდა, რაც თავი მახსოვს, მზეც მახსოვს, და ერთი დღითაც არ დავცილებივართ არასდროს.
 შემძულდებოდა, აბა რა იქნებოდა, ერთი კაცი გვიყვარდა, რომელიც მხოლოდ მისთვის სუნთქავდა.
 თუმცა ზოგჯერ, საღამოობით, როცა მზეს ძებნაში დაღლილები, ღმერთკაცის ნანადირევით ვვახშმობდით, ისე ამომხედავდა შუბლქვეშიდან... თითქოს რაღაც ძალიან ნაცნობს და სულელურად დავიწყებულს იხსენებდა... თითქოს მაშინ მამჩნევდა მე, ქალს, ასმათს, და არა უკვე ჩვეულ ჩრდილს, მზისგან მის ფეხქვეშA გაგებულს...
 შეიცვალა ძალიან. ხვარაზმშას ვაჟის მოკვლის შემდეგ ნელ-ნელა შფოთიანი, ავი გახდა, სახიდან უკვალოდ გაუქრა მიმნდობი ახალგაზრდული  სიალალე, და მე ახლა უკვე მეშინოდა მისი. თუმცა ამის გამო უფრო თავდავიწყებით მიყვარდა, უფრო მონური მორჩილებით. აღარ იყო უწინდებურად მოწიწებული და ალერსიანი, მუდმივად გაღიზიანებული და უხეში დადიოდა.
 ერთხელ მოკლული ვეფხვის ტყავისგან სამოსი დამამზადებინა და მას შემდეგ სულ ზედ ეცვა...
 საღამოობით სულ უფრო რაღაც გაბოროტებით ამომხედავდა ხოლმე შუბლქვეშიდან, შიშით ვიბუზებოდი და თვალს ვარიდებდი... ზოგჯერ მეჩვენებოდა, ისიც იცოდა, რომ მეფეს მე ვუთხარი უფლისწულის მკვლელობის  შესახებ.
 ერთხელ კი, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ველოდი, გვერდზე მომიჯდა, აკანკალებული ხელებით სახეზე ჩამოვარდნილი კულული გადამიწია და რა  ლამაზი ხარო, მითხრა სხვანაირი ხმით.
 მე ჯერ კიდევ ჩვენი ხეტიალის დასაწყისშივე მქონდა მიღებული გადაწყვეტილება. ვიცოდი, რომ ეს იყო ერთადერთი კაცი ჩემს ცხოვრებაში, ათასი სხვაც რომ გამოჩენილიყო, და ათასს მზესაც რომ ვერ ეპატიებინა ჩემთვის ეს.
      ისიც ვიცოდი, რომ მზეს ორ დღეში ვერ ვიპოვიდით.
 და ისიც, რომ ერთხელაც იქნებოდა, გვერდზე მომიჯდებოდა ღმერთკაცი, აკანკალებული ხელით თმას გამისწორებდა და რა ლამაზი ხარო, მეტყოდა სხვანაირი ხმით...
 მაშინ, ატატებული რომ წამიყვანა ტყის სიღრმეში, როცა ყურთან მისი მძიმე სუნთქვა მესმოდა, როცა გადარეული პირველად მეფერებოდა გაშიშვლებულ აყალყულ კანზე, მე მივხვდი, რა არის ედემი. როცა მოგვიანებით ის დამნაშავე და დაბნეული სახით თვალის არიდებას ცდილობდა კოცონთან,     მონების მოქილიკე გამოხედვების უარეს ცეცხლქვეშ, ბოლოს უწინდებურად ჩემს შორიახლოს დაწვა და ეგრევე დაეძინა, მივხვდი, რა არის ჯოჯოხეთი.                                                              
      ...დროთა განვმალობაში მონები დაიხოცნენ, და ჩვენ ორნი დავრჩით.
 ...მაშინ იყო, ამ გამოქვაბულს რომ მივაგენით და აქ დავიდეთ ბინა.
 ვცხოვრობთ ასე, სხვადასხვა მოლოდინში... მას მზეს ნაჩუქარი სამკლავური უკეთია ისევ მკლავზე, მე თითზე  _ მისი ნაჩუქარი ბეჭედი...
 ჰოდა, კეთილო მოყმეო, სულ ესაა ჩემი ამბავი... და-ძმობას, ავთანდილ, ნუ ეტყვი ჩემს მონათხრობზე ნურაფერს ღმერთკაცს...
 არ შემეძლო, არ მომეყოლა, გასკდა გული, ოხერი...
 დაგმალავ, და როცა დაბრუნდება, შევაპარებ შენს აქ ყოფნას... ძალიანაა გაველურებული, არც ის ვიცი, რას იმოქმედებს... თუ არ მოგკლა და მიგიღო, ხომ თვითონვე მოგიყვება თავის ამბავს...
 თავისი გამოქვაბულის ჩრდილების როკვაზე...









 

Комментариев нет:

Отправить комментарий