суббота, 19 марта 2011 г.

აპექსი


  მგზავრი შეჩერდა. უცნაური წყლისფერი თვალები ჰორიზონტს შეავლო, საიდანღაც გადმოხვეწილმა ნიავმა შეასუნთქა წითურ წვერ-ულვაშზე, ოფლიან სახეზე... კაცმა განიერი ნესტოები აამოძრავა, ჰაერი დაყნოსა... პირმყრალმა ადგილმა ჩამოატარა თავის წიაღში ეს დაღლილი ნიავი, სანამ წითურს შეასუნთქავდა... იგრძნო, ახლოს იყო.
   მწვერვალამდე რიჟრაჟთან ერთად მიაღწია. დილის ბინდბუნდში უკვე ჩანდა უკიდეგანო დაბლობზე ცხვრებივით მიმოფანტული რამდენიმე ქალაქი. გარშემო ბაღნარებს უხვად რწყავდა დაკლაკნილი იორდანე. შორს, ჰორიზონტზე, მლაშე ტბა გაშანდაკებული ხმალივით პრიალებდა.
   უეცრად ყველაფერი შავ ბოლში ჩაინთქა. მიწამ ცა ცეცხლის სვეტებზე ჩამოიხია. ელდანაკრავმა წითურმა ადგილზევე ჩაიმუხლა, თვალები აახამხამა... მთების ქვეშ გაფენილი სიმშვენიერე წეღანდელივით მშვიდად თვლემდა... ხილვა ამჯერადაც მყისიერი იყო.
   ....დაცარიელებული წყლის მათარა იორდანეში აავსო. უახლოესი ქალაქისკენ აიღო გეზი, კარიბჭესთან შეჩერდა. მიდამო მოათვალიერა... არა, მთავარი ნიშანი არ ჩანდა...
   კარიბჭესთან, სავაჭრო დახლებისგან მოშორებით, ჭარმაგი კაცი იჯდა. წითური პირდაპირ მისკენ წავიდა, მისალმებისა და კეთილგანწყობის ნიშნად წყლით სავსე მათარა მიაწოდა. კაცი წამოდგა, წყალი მოსვა და მათარა პატრონს დაუბრუნა...
   _მობრძანდი ჩვენს ქალაქში, მგზავრო, ჩემი სტუმარი იყავი.
წითური გაჰყვა. მასპინძელმა ცოლ-შვილს გასძახა. ოთახში ორი ახალგაზრდა და ერთიც ხანდაზმული ქალი შემოვიდა. სტუმარს საუზმე მიართვეს...
   _საით გაგიწევია, ჩემო ძმაო, _ ჰკითხა მასპინძელმა.
   _შორიდან მოვდივარ, კეთილო კაცო, ძალიან შორიდან. ქალაქს ვეძებ, კოშკებიანს, რომელსაც თავისივე ქვები ანგრევს...   უცნაური თვალები უძრავად მიაჩერდა მასპინძელს,   გზას გულისხედვით მივუყვები. აქ მომიყვანა...
ჭარმაგმა თავიდანვე შენიშნა წითურს უხილავი თვალი. ყოველთვის გრძნობდა ნიშნიან ადამიანს. ნათქვამიც გაუგო   ჭდედასმულის ცხოვრება ისე ევლება თავს ნაჭდევს, როგორც მიწამრგვალი მზეს.
   _რატომ ეძებ, ძმაო, _ მხოლოდ ეს ჰკითხა. წითური დაფიქრდა.
   _ადამიანისა ჯერ თავია ცასთან ახლოს, მერე გული, მერე ვნებანი. ამ ქალაქში, მე რომ ვეძებ, ხალხი თავდაყირა ცხოვრობს. თავი და გული სისხლით დამძიმებიათ, სრულიად ვეღარ ხედავენ ცას. ათი გამართული კაცი უნდა შემხვდეს ამ ქალაქში, ათი სულია გამოთხოვილი აბრაამისგან. ათი გადაარჩენს ყველას. იმ მთის საძებრად ვარ წამოსული, კეთილო კაცო... გზას გამიადვილებ, თუ ახლომახლო ქალაქებთან ქალის თეთრ ქანდაკებას მიმასწავლი... მხოლოდ ქანდაკებას ვხედავ იმ ქალაქთან,   წითურმა წყლისფერი თვალები დახუჭა.
   _ვერაფერს გეტყვი, მგზავრო... კიდევ მითხარი რამე ნიშანი.
   _ეს ქალაქი თავადაა ნიშანი... უზარმაზარ საძირკველზე ფაშარ ქვებადაა დაგებული. მათზე კოშკი აშენდება, ბაბილონის გოდოლზე მაღალი... სიმაღლეზე ხალხს თავბრუ დაეხვევა, თუმცა, ღმერთს მაინც ასწვდება... ქალაქი, მე რომ ვეძებ, შეჩვენებად გაჰყვება კედლებს, ბოროტების ჭდედ... და მერე, როცა წყლის ნაცვლად შეხვედრისას ერთმანეთს ცეცხლს მიაწვდიან, პირველ ბზარს კოშკის ნგრევაში ის შეიტანს...
   _მიირთვი, მგზავრო, სანამ შენს გზას შეუდგები...  _ მხოლოდ ეს უთხრა ჭარმაგმა.
წითური ნელა გაუყვა ქვაფენილს. წყლისფერი თვალები მოავლო მდიდრულ სახლებს და კოხტა ბაღნარებს.
   ერთ ასეთ ბაღში კაცს ეძინა. პირდაპირ ხავსზე იწვა, ჩუმპე მუცელი ხმაურით აუდი-ჩაუდიოდა. იქვე დაბმული აქლემი წრიალებდა, თავს ხრიდა, წინა ფეხების ქაჩაჩებს ჰაერში ასავსავებდა. მოშორებით მწყაზარი ქალები ჭასთან უძირო კასრებს ავსებდნენ.
წითურმა ერთხანს გაოგნებით უცქირა. ბოლოს, ხმადაბლა გასძახა მძინარეს:
   _კეთილო კაცო, წყალს ხომ ვერ დამალევინებ...
ჩუმპემუცლიანმა ცალი თვალი გაახილა.
   _რა თქმა უნდა, დაგალევინებ, მგზავრო. ცუდია, როცა კაცს გწყურია. იწყება წყაროს დაუსრულებელი ძიებანი... ფიქრი... თუ იფიქრე, არ დაგეძინება... დანაიდა, წყალი მეც და სტუმარსაც!..
   _კეთილო კაცო, ეგ აქლემი რას შვრება? _ ვერ მოითმინა წითურმა.
   _ნემსის ყუნწში გაძვრომას ცდილობს.
   ქალებს ორი გამოეყო და თავის სათლებიანად ქევქევით წამოვიდა. ხვრეტილებიდან მოთქრიალე წყალი გალუმპულ კალთაზე ეღვაფებოდათ... ჩუმპემუცლიანმა პირი ფართოდ გააღო და ერთ-ერთმა ქალმა დაცარიელებულ სათლს შიგ  ჩაუძახა. მეორე დანაიდა წითურისკენ წამოვიდა.
   _სად გარბიხარ, მგზავრო?.. ჩვენ არ მოგვიკლავს ქმრები, მამამ დაგვარიგა... აღარ გწყურია?..
   უძიროკასრიანი დანაიდები წყლის ღვარღვარით გამოეკიდნენ წითურს. მან ნაბიჯს უფრო აუჩქარა. უკან მაცქერალს ფეხი აუცდა და დიდ წუმპეში გაიშხლართა. ტკივილისაგან დაიკვნესა.
   _დაგეხმარებოდი, მგზავრო, მაგრამ არის დღე იგი შაბათი, პატივი უნდა ვცეთ, _ მოესმა გვერდიდან მშვიდი ხმა.
წითურმა აიხედა. გზისპირას, სკამზე, გაუნძრევლად იჯდა კაცი. პირდაპირ იყურებოდა, ხელები დარბაისლურად დაეწყო მუხლებზე. თავს ზემოთ ცხენის ძუაზე გამობმული მახვილი ეკიდა.
   _დამეხმარე, მეგობარო... ცხოვრება ისეთი პატარაა და მოკლე...
   _და-მოკლე... მართალი ხარ... მაინც, საიდან მოდის ხოლმე საფრთხე, და როდის... -თქვა დაფიქრებით. მარჯვნივ გაიხედა, მარცხნივ... უკანაც მიტრიალდა... მერე ისევ უძრავად გაირინდა. წითურისთვის არ შეუხედავს.
   წითური როგორღაც წამოდგა. გასვრილ სხეულზე დაიხედა. ხეს მიუახლოვდა, ყველაზე დიდ ფოთოლს ხელი წაატანა ტანსაცმლის გასაწმენდად. წაატანა და გაუშეშდა,   ხეზე ყმაწვილი იდგა, იმ ფოთლით სიშიშვლე ჰქონდა დაფარული... დაბნეულმა წითურმა რამდენიმე ნაბიჯით დაიხია, ხეს დააკვირდა... ახლაღა შენიშნა ხის ქვეშ... უზარმაზარი, დამხობილი ფალოსის ქანდაკება.
ზემოდან დამცინავად მომზირალმა მამაკაცებმა უცებ საშინელი ღრიალი ატეხეს, ისე, რომ ცას სწვდებოდა. ზოგს ფოთოლი ჰქონდა  აფარებული, ზოგს    - ტრანსპარანტი, ზოგს   სულაც არაფერი. რაღაც დაუნაწევრებელს სკანდირებდნენ და შუალედებში ერთმანეთს ვნებიანად კოცნიდნენ. კაკაფონიით დაბნეულ წითურს ვერ გაეგო მათი. გაიქცა, მაგრამ უკან მომზირალმა დამხობილ ფალოსის ქანდაკებას ფეხი წამოსდო და ვიღაცას შეეჯახა.
   _მაპატიე, კეთილო კაცო,   ძლივს გაახილა თვალი წითურმა. დაჯახებული ახალგაზრდა ლამის ხელებზე მიესვენა. სირბილისაგან ძლივს ითქვამდა სულს.
   _ძმაო... გთხოვ... ვეღარ მივრბივარ... ფეხზე დგომაც მიჭირს... გააგრძელე ჩემი გზა...
   წითური გაოცდა. ახალგაზრდამ ძლივს მოითქვა სული. აზრამღვრეული, ბედნიერი თვალებით შეხედა.
   _საით გაგიწევია, რა გზაზე? _ ჰკითხა წითურმა.
   _ათენში... გამეგზავნე... უთხარი... გამარჯვება... ჩვენია... ჩვენია!.. გთხოვ...
   _მხოლოდ ამიტომ დამშვრალხარ, ძმაო, რათა ხალხს ახარო?!
   _მხოლოდ... ამიტომ...   გაუღიმა ბედნიერი თვალებით...
   წითური წამით დაფიქრდა.
   _მაპატიე, ვერ დაგეხმარები... მე ჩემს გზას უნდა ვეცადო. საიდან მოდიხარ?
   _მარათონიდან... კარგი... მეჩქარება... ძალიან... ასე... მოკლეზე... მოვჭრი...
წითურმა თვალი გააყოლა. უცებ იქვე, კოხტა ბაღში, ქალი შენიშნა. მძიმე საწყაული ეჭირა და ყვავილებს რწყავდა. წითური მიუახლოვდა.
   _დედაშვილობამ, წყალი დამალევინე...
   ქალმა საწყაული გააქნია და პირისახეზე მიასხა წითურს. გაოგნებულმა წითურმა სახე ხელისგულებით მოიწინდა. ქალმა საწყაული ყვავილებს მიუბრუნა.
   _აქ ბავშვები არ გვყავს. არც დედ-მამა იცის ვინმემ. არაა შეჩვევა. არც სიყვარული. არც ვალდებულება. არც პატივისცემა. ყველაფერ ამით არ ვიტვირთებით, თავისუფლება გვიყვარს. მგზავრო, საიდან მოდიხარ?! მყუდროებას ნუ გვირღვევ!
   წითურმა ერთხანს უყურა.
   _რა ყვავილებია, ასეთი მძიმე საწყაული რომ სჭირდება?
   _ეფემერები... ჩემი სახლი ზღვარზე დგას, მზემ ეზო უდაბნოდ მიქცია. როცა ვრწყავ, ყვავილობს, არ ვრწყავ   სძინავს... _ ქალმა საწყაული ოხვრით დადგა მიწაზე.
   წითურს ციდან უცნაური შხუილი მოესმა. აიხედა. ცაში გრძელ ფრთებზე ჭაბუკი ლივლივებდა.
   _იკაროსია, _ თქვა ქალმა,   ყოველდღე მზის კენ მიფრინავს და ფრთებს იწვავს. ვერ ეგუება, სულელი, ვარდნას...
   ქალმა შეშფოთებით გადახედა ყვავილებს. მერე ერთი გვირილა მოწყვიტა და თეთრი ფურცლების დაცლა დაიწყო:  იხარებს... არ იხარებს... იხარებს... არ იხარებს... 
   საიდანღაც უშველებელი სამთავიანი ძაღლი გამოჩნდა. წითურმა შეშინებაც ვერ მოასწრო, ისე გაუჩინარდა ქუჩის ბოლოს.
   _ცერბერია,   მშვიდად თქვა ქალმა,   სულ ასე, გაუჩერებლად დარბის ქუჩებში. ხან საშინლად ყეფს, მაგრამ ზედ არავის უყურებს, თითქოს ვერც ხედავს. კაციშვილს არ ეშინია მისი.
   წითური გალავანს მოსცილდა. ნელა გაუყვა ქუჩას. უცებ ზურგიდან ვიღაც წამოეწია, მხარზე ხელი დაადო.
   _მგზავრო, გავიგე, გწყურია, წამოდი, დაგალევინებ.
   წითურის წყლისფერ თვალებში ლურჯად იკვესა სიხარულმა.
   _წამოვალ, კეთილო კაცო.
   _აქვეა, სულ ახლოს. მოსახვევის ბოლოს...
    იარეს.
   _არა, ქუჩის ბოლოს...
   იარეს.
   _არა, გზის ბოლოს...
   _სადაა წყარო, ძმაო, უკვე ქალაქის ბოლოა.
   _ნუ ღელავ, მგზავრო, ნუ გეჩქარება. ერთ ადგილზეც რომ დარჩე, დრო მაინც შემოგეშხეფება. ნელ-ნელა აგილოკავს ცხვირ-პირს, თვალის უპეებში დაგელექება. თმაზე გადაგისვამს თეთრ ხელისგულს. აი, წყაროც.
თანამგზავრმა უზარმაზარ კლეფსიდრაზე ანიშნა, კონუსს მიაუხლოვდა და ჩამოშვებული წვეროდან მწვეთავ წყალს პირი შეუშვირა. წყლის საათის წვეთები ნაკადად იქცა და პირში ჩაეღვარა. მერე კაცი ზურგით შეტრიალდა და წითური შეკრთა,   კეფაზე მეორე სახეც ჰქონდა. კაცმა მეორე სახესაც დაალევინა. წითურს მიუბრუნდა.
   _დალიე.
   წითური შეყოვნდა.
   _ეს ამქვეყნად უდიდესი განძია. ყველას თავისი წილი ეძლევა და, როგორც ყველა განძი, უკმარისობას ტოვებს... არ ჰყოფნით, მაგრამ რაც აქვთ, ვერ იყენებენ... კლავენ.. წელავენ... გაჰყავთ... ატარებენ... ერგებიან... კარგავენ... ამიტომ უდიდესი მპარავი ვარ ამქვეყნად, _ წამოიძახა მეორე სახემ.
   _ამაოება მყარადაა ჩამიჯნული დასაწყისითა და დასასრულით... დალიე, მგზავრო... დროის ქურდი ქურდი არ არისო...
   წითურმა პირი შეუშვირა საათს. მას ნაკადი შეუწყდა, წვეთებმა რიტმულად განაგრძეს წამების ათვლა. პირი რომ ოდნავ გაისველა, გასწორდა. იანუსი აღარსად ჩანდა.
   წითურმა ჭაღარაშერეულ თმაზე ხელი გადაისვა და ისევ გაუყვა გზას. პატარა გორაკს მიადგა. იქ აბჯარასხმული კაცი ნანგრევებზე ტახტის დადგმას ცდილობდა. ხან აქედან მოუარა, ხან იქიდან. ოფლს იწმენდდა სახიდან.
   _ხომ არ დაგეხმარო, მეგობარო.
   _არა!.. მე თვითონ.
   _ხომ არ ჯობს, სწორ ადგილას დადო.
   _რას ამბობ, მგზავრო, სწორ ადგილას ტახტი სად გინახავს.
   _ეს ტახტი ვიღასია?
აბჯრიანმა ხმალი იშიშვლა და იმით მიაწვა ტახტს.
   _თავისუფლების, ცხადია,   აღმოხდა ქოშინით. ხმალი ნელ-ნელა წითლად შეიღება,   მაგრამ, რადგან ადამიანი საწყისშივე არაა თავისუფალი,   იმიტომ, რომ არ იყო თავისუფალი თავის გაჩენაში,   მისი თავისუფლება ოთახში ჩაკეტილის თავისუფლებაა და მთელი სიცოცხლე მიილტვის მონობისკენ... ნაირ-ნაირი ტახტების მონობისკენ...
ტახტმა ერთიც დაიხრიგინა და ნანგრევებზე დადგა. აბჯრიანი ფრთხილად ჩამოჯდა. ნანგრევები უფრო დაქუცმაცდა და დაიშალა.
   _შენცა, ბრუტუს, _ ამოიგმინეს ნანგრევებმა.
   _...ნაირ-ნაირი ტახტების მონობისკენ,   განაგრძო აბჯრიანმა, _ ვაი იმას, ვისაც კლაუსტროფობია სჭირს.
   სადღაც შორს ღრიალი გაისმა. აბჯრიანმა მიაყურადა.
   _იკაროსია. ისევ ჩამოვარდა. ჭკუა ვერ ისწავლა. ფრენა ნებავს... საკუთარი ნიჭის მწვერვალების დაპყრობა არ კმარა. რომც გაიმარჯვო, ისე დაიღლები, არაფერი მოგინდება...
   _შენცა, ბრუტუს! _ ამოიგმინეს ისევ კეისრის ძეგლის ნანგრევებმა.
უცებ აბჯრიანი გავეშდა.
   _გაჩუმდი... აღარაფერი მინდა... აღარაფერი... გაჩუმდი-მეთქი... აჰა, თქვენი ტახტი...   აჰა, თქვენი ოცდაათი ვერცხლიც... დამანებეთ თავი!..
   წითური საჩქაროდ დაეშვა გორაკიდან. შარაზე ხელჯოხიანი ბრმა მიბანცალებდა. წითური მიუახლოვდა.
   _ბებია, ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი თვალები?!
   ბრმამ ხელით თმა მოუძებნა, ფრთხილად აუბურძგნა.
   _შიში ვარ და იმიტომ.
   წითური გზაზე გაიქცა.
   _სად მირბიხარ... დაიცადე... აქ არავის ვუნდივარ... გამოგადგები.
   უკან მომზირალი წითური ვიღაცას შეასკდა.
   _მაპატიე, ჩემო ძმაო, _ ძლივს გაახილა წყლისფერი თვალები.
   _მგზავრო, გთხოვ, ვეღარ მივრბივარ... გააგრძელე ჩემი გზა...
   _ისევ შენა ხარ?
   მარათონიდან მორბენალმა ბედნიერად გაიღიმა.
   _მალე შინ ვიქნები... ყველას ვამცნობ... გამარჯვებას... ის ბრმაც... ჩემთან ერთად... მორბოდა და... გავუსწარი...
   _შიში?
   _არა... სიყვარული... დრო... მეპარება... გავიქეცი... ასე მოკლეზე... მოვჭრი... ქალაქს...
   ...ქუჩაში ყეფით გაიელვა სამთავიანმა ცერბერმა და გაქრა.
   ...წითური მზის გულზე მჯდარ სამ კაცს მიუახლოვდა. ისინიც მგზავრები ჩანდნენ. ორი ცხარედ კამათობდა, მესამე ხან ერთს ეგლისებოდა, ხან მეორეს...
   _შენ დაბადებულიც არ იყავი, მე რომ ვთქვი და გადავჭერი!
   _მერე რა! მე გავამარტივე. უფრო მოხერხებული გავხადე!
   _მშვიდობა თქვენდა, ძმებო.
სამივემ წითურს შეხედა.
   _შეხედე, წითურო! _ მწვანეპერანგიანმა ცეცხლზე მოთუხთუხე კასრზე მიუთითა, _ეს წყალია. ცელსიუსი ამბობს, ას გრადუსზე დუღსო. ვერ დავარწმუნე, რომ ორას თორმეტზე!
   _წყალი ნულ გრადუსზე იყინება, ფარენჰაიტ! _ იფეთქა ისევ წითელპერანგიანმა, - და არა ოცდათორმეტზე!
   _ეგ შენთვისაა ოცდათორმეტი! ღმერთს ვფიცავ!
   _ეს მე ვფიცავ, რომ ნულზე იყინება! ღმერთმა მე მომცა კურთხევა!
   _მე უფრო ადრე მომცა.
   წითური გზას გაუყვა. მესამე წამოეწია.
    _ნუ მიაქცევ ყურადღებას, წითურო. აქ გავლით არიან. დიდ გონებას ასვენებენ.
   _წყალი ხომ მაინც იდუღებს, მიუხედავად იმისა, რას დაარქმევენ წითელ და მწვანეპერანგიანი.
   _როგორ, სხვადასხვა ფერის პერანგები ეცვათ? _ გაოცდა მესამე.
   _ფერებს ვერ არჩევ?
   _არა. ფერს რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი მხარეა, ვისაც მარჯვნიდან ვუდგები, ათჯერ ვამრავლებ... მარცხნიდან ხელმოცარულებს ვუდგები, მათ ფაფხურს რომ ხაზი გაესვას. მარცხენას მარჯვენის შეშურდება. რომ შეშურდება, მოუნდება. მოუნდება ჯერ იღბალი, მერე სახლი, მერე ყანა, მერე კარაული, მერე ცოლი...
   _მერე და, შენ ვინა ხარ?
   _ნული. არაფერი... გინდა, მარჯვნიდან მოგიდგე?
   საიდანღაც კივილი მოისმა.
   _იკაროსი დაიმტვრა ისევ? _ იკითხა წითურმა.
   _არა, იმ სახლიდან ისმოდა, _ ხელი გაიშვირა ნულმა.
   ...წითურმა ეზოს ჭიშკარს ხელი ჰკრა, ეზოში შევარდა და სახლის კარის სახელური ჩამოქაჩა.
   ოთახში ძონძებში გახვეული თემიდა იდგა. მსჯავრდადებულის სკამზე მედეა იჯდა, გარშემო კი ქალები წიოდნენ. წელსქვემოთ ყველა სისხლში იყო ამოსვრილი. იატაკზე ემბრიონები ეყარა. წითურმა ერთს კინაღამ ფეხი დააბიჯა.
   _არ მომიკლავს ჩემი შვილები! _ კიოდა მედეა.
   _მოკლა! მოკლა! ყველამ იცის, რომ მოკლა, _ აკივლდა ოთახი.
   _ზოგმა იცის, ზოგმა არ იცის, _ წაიბურტყუნა თემიდამ.
   _მოკალი! მკვლელო! მკვლელო! - წიოდნენ ქალები.
   _თან მკვლელია, თან არ არის მკვლელი,   წაიბურტყუნა თემიდამ.
   _სამშობლო გაყიდა! მოღალატე! მოღალატე!
   _ვისთვის მოღალატეა, ვისთვის _ არა, _ წაიბურტყუნა თემიდამ.
   _მე ნემსი მომპარა და აქლემი, _ ფანჯრიდან თავი შემოყო ჩუმპემუცლიანმა.
   _ტყუილია, ტყუილია, _ ყვიროდა მედეა.
   _არ დაუჯერო ქალს მაშინაც, როცა სიმართლეს ამბობს, _ თავი შემოყო ევრიპიდემ.
   _ტყუილია!
   _ეს ვინღაა! _ თემიდამ თვალახვეული თავი წითურისკენ მოაბრუნა.
   ქალები უარესად აკივლდნენ. წითური გარეთ გამოვარდა.
   უკან მომზირალი ვიღაცას შეეჯახა.
   _მაპატიე! უფალი იყოს შენთან, კეთილო კაცო, _ მაჯაზე შეეხო წითური,   მორჩა, ამ ქალაქში აღარასოდეს მივიხედავ უკან...
   _რა უფალი, მგზავრო, საიდან მოდიხარ? ჯერ არ გაგიგია, რომ ადამიანი მაიმუნისგან შეიქმნა? _ ჭკვიანი თვალებით შეხედა უცნობმა.
   უცებ საიდანღაც მოვარდნილმა ბრბომ წითური გაიყოლა... მან დილანდელი მასპინძლის კარ-მიდამო იცნო.
   აივანზე გამოსული ჭარმაგი სახლის კარს ეყრდნობოდა ზურგით. სახეზე ფერი არ ედო. შუბლიდან მალიმალ იწმენდდა ოფლს.
   _ძმებო!   დაიწყო ხმის კანკალით, _ ნუ ჩაიდენთ ბოროტებას...
ბრბო უფრო ახმაურდა. ჭარმაგმა ხელი ასწია.
   _მისმინეთ, რა გითხრათ! ორი ქალიშვილი მყავს. კაცი არ უნახავთ. გამოგიყვანთ და რაც გინდოდეთ, ის უყავით, ოღონდაც ჩემს ჭერქვეშ შეფარებულ სტუმრებს ნუ ახლებთ ხელს...
   _ვიღაც გადამთიელი ლოტი ჭუასაც გვასწავლის, _ აღშფოთდა ბრბო.
   _ისედაც დიდხანს ვუთმინეთ...
   _გადმოგვეცი ის ორი ყმაწვილი. ამბობენ, ძალიან ლამაზები არიანო. გავერთობით.
   _იცოდე, შენ ახლა უარესს გიზამთ!
   ბრბომ წინ წაიწია, ჭიშკარი გამოგლიჯა, კიბეზე აღოღდა ცოცხალ ტალღად და ის იყო, ჭარმაგს უნდა სწვდომოდა, რომ იგი თითქოს მიწამ ჩაყლაპა. აივნიდან გმინვა წამოედინა და ბრბოში ჩაიღვარა. ხალხი ბრმასავით გაწვდილი ხელებით ცდილობდა უკან გზის გაგნებას. იქაურობა წუთში დაცარიელდა. წითური ყოყმანით მიუახლოვდა ლოტის სახლს, კიბეზე ავიდა. იმის ფიქრში იყო, დაეკაკუნებინა თუ არა, რომ ოთახიდან მასპინძლის დაბნეული საუბარი მოესმა და მერე ახალგაზრდა მამაკაცის ხმა:
   _წაიყვანე ცოლი, შვილები და მოსცილდი ქალაქს... არსად გაჩერდეთ და არ მოიხედოთ უკან. გადაირჩინეთ თავი...
...გზაზე ყმუილით დაჯდა ცერბერი...

    გამთენიისას წითური მთის მწვერვალს მიუახლოვდა. უცებ ციდან საშინელი გრუხუნი მოესმა. ერთადერთი, რის დანახვაც მოასწრო, გიგანტური ცეცხლის ალები იყო. ციდან რაღაც უზარმაზარი ჩამოვარდა. მიწამ ცა ცეცხლის სვეტებზე ჩამოიხია და ყველაფერი შავმა ბოლმა შთანთქა. ირგვლივ გოგირდის მძაფრი სუნი დატრიალდა.
   ...წითურმა მიწიდან თავის აწევა რომ გაბედა, ბოლი იფანტებოდა, იორდანეს აყვავებული ბაღნარები შავ ფერფლად ქცეულიყო. შორს მოლივლივე მარილიანი ტბა, ზღვად ქცეული, სველი საცეცებით ეპარებოდა ნაქალა ქარებს. წითურმა თვალებით მოძებნა ნაცნობი ადგილები. ადამიანის ჭაჭანება არ იყო. მხოლოდ უკან მიმზირალი ქალის ქვამარილის სვეტი იდგა ქანდაკებასავით, ზუსტად ისეთი, ხილვებში რომ ენახა წითურს... გულისხედვით იცნო ლოტის ცოლი... სოდომი ერთ შავ გიგანტურ ფუღუროს დამსგავსებოდა. აქ ისე ცდილობდნენ თავისუფლების გადაძერწვას, რომ სიცარიელეღა შემორჩათ.
   წითურმა ქალაქს ზურგი აქცია.
   წინ დიდი გზა ჰქონდა გასავლელი...

Комментариев нет:

Отправить комментарий