суббота, 19 марта 2011 г.

პროფესიონალი

 პოზიციაზე მანქანით ჩამოიყვანეს, გვიან საღამოს.
დამხვდურები, განსაკუთრებით გამოუცდელი ახალბედები, ინტერესით ათვალიერებდნენ. მიწამდე ჩამოშვებული შესანიღბი ბადიდან მხოლოდ ხაკისფერი ნაჭრით წაკრული თავი მოუჩანდა. თაფლისფერი გამჭოლი თვალებით თითქოს რენტგენივით ძვლებამდე აშიშვლებდა... მაშინვე დაწვა და  დაიძინა. ძილი კარგად ჰქონდა გაწვრთნილი. ნერვებიც.
ღამის სიჩუმე რამდენჯერმე დაარღვია სროლის ხმამ, მაგრამ მიჩვეული იყო და თავი არ გამოიფხიზლა. ამ ხმებს კარგი ნაცნობის ინტონაციებივით არჩევდა_ახლა ეს ცალმხრივი სროლა იყო, როცა გუშაგები თავის გამოსაფხიზლებად, დასამშვიდებლად ან სულაც გასართობად ისროდნენ...
გამთენიისას, ოთხის ნახევარზე გააღვიძეს. მხოლოდ ორი პოსტის ღამის გუშაგებმა დაინახეს, როგორ ჩაიარა გუშინ მოსულმა უცნობმა და მოწინააღმდეგის მიმართულებით თვალს მიეფარა. ამ პოზიციიდან გასასვლელი გზა ერთ-ერთი ცნობილი `დერეფნისკენ~ მიდიოდა.
გათენებამდე საკმაო მანძილი ჰქონდა გასავლელი, ამიტომ სწრაფად მიაბიჯებდა. გზა ნაცნობი იყო და ორიენტაცია არ უჭირდა. ორსაათიანი შეუჩერებელი სვლის შემდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთით სოფლის კონტურები გამოჩნდა. რომ ინათა, მარჯვნივ აიღო გეზი. აქედან უფრო კარგად იშლებოდა ხედი. ბუჩქნართან შეჩერდა, ზურგჩანთა მოიხსნა და თვითონაც იქვე ჩამოჯდა.
სუფთა ჰაერი, ნოტიო მიწა, მშვიდად მოშრიალე ხეები სადღაც დავიწყებულ წარსულში ექაჩებოდა, მაგრამ შფოთსა და ბოღმას მყარად მიელურსმა რეალობაში. მოლივლივე მოგონებებს აწმყოს სქელი ყინული მოსდებოდა, გასაქანს არ აძლევდა მათ ბუნებრივ მოძრაობებს.
 ამასობაში კარგად გათენდა. ზურგჩანთიდან დურბინდი ამოიღო. სოფელში სულ ოთხიოდე სახლში შეიმჩნეოდა მოძრაობა, ძირითადად ხანშიშესული ქალები ჩანდნენ. გზას პატარა ხეობა მიუყვებოდა, სწორედ ამ ხეობით უნდა შემოევლო სოფლისთვის. დაბნელებას დაელოდა. ხეებს შორის მომწყვდეულ ცის ნაგლეჯებზე ვარსკვლავები რომ გამოკრთა, ადგილიდან მხოლოდ მაშინ დაიძრა. გზა ისე ახსოვდა, თვალდახუჭულიც ივლიდა. ბოლოს ბიჭები მიჰყავდა სტუმრად, სოფელში, ბაბუა ცხვარს კლავდა და უნდა ექეიფათ.
ყინულქვეშ გამოცოცხლებული მოგონებები ერთი ბრძანებით გაქრა.
გამთენიისას შესვენება გადაწყვიტა, წამოწვა და შესანიღბი ხალათი წაიფარა. გასროლის ხმამ გამოაღვიძა. ფრთხილად ასწია ხალათის კიდე და გარეთ გაიხედა. გორაკის Fფერდობზე მცოცავი ადამიანი შენიშნა. დურბინდი მოიმარჯვა. რამდენიმე კაცი კიდევ აღმოაჩინა. ვერაფრით გაეგო, რა ხდებოდა მის თვალწინ. შეუძლებელი იყო, შეენიშნათ, თუმცა მებრძოლები განსაზღვრული მანძილის დაშორებით ნელა მოძრაობდნენ მისი მიმართულებით. უცებ მბრძანებლური შეძახილი გაისმა. მებრძოლები გაირინდნენ, მერე ფეხზე წამოიშალნენ და ერთად მოიყარეს თავი. `ვარჯიშობენ~,_გულზე მოეშვა, თუმცა წუთით არ შეუწყვეტია თვალთვალი. ცოტა ხანში სხვა მიმართულებით გასწიეს. ისევ გაისმა სროლის ხმა, ახლა უფრო შორიდან...
დაბინდებამდე რამდენიმე საათი დარჩენილიყო, შიმშილი იგრძნო. ზურგჩანთას დასწვდა. ჭამისას თან ადგილმდებარეობას აკვირდებოდა. უნებურად გაუჩნდა განცდა, თითქოს ბავშვობა შესცქეროდა შორეული ჰორიზონტიდან... ამ ტყეში ხშირად დადიოდნენ, ომობანას თამაშობდნენ ხოლმე... მზვერავობანას... ერთმანეთს ემალებოდნენ... მას ვერასოდეს პოულობდნენ და ბოლოს ყვიროდნენ, _ `გამარჯვებულოო, გამოდი!..~
...ის სოფელი უკვე მოჩანდა, მაგრამ მოვლითი გზით უნდა ეცადა მიახლოვება. უმთვარო ღამე იყო და დიდხანს მოუნდა ადგილზე მისვლას.
სოფლის განაპირა სახლიდან დაახლოებით ნახევარი კილომეტრის მანძილზე, პატარა მდინარის პირას გაჩერდა. უნდა ეჩქარა. სწრაფად გაიძრო შესანიღბი ხალათი, მოიხსნა ზურგჩანთა, იქიდან პატარა სამხედრო ნიჩაბი ამოიღო და შერჩეულ ადგილას მიწის თხრა დაიწყო. ნათხარ მიწასა და ქვებს პატარა მდინარეში ყრიდა, სადაც ვინ მოსთვლის, რამდენჯერ უბანავია სხვა ბავშვებთან ერთად...  
გამთენიისას ორმო კარგად მოასწორა. შიგნით ჩასვლა-ამოსვლას ამოკვეთილი საფეხურები აადვილებდა. მერე ხმელი ტოტები და ფოთლები ისე შემოაყარა, თვალში საცემი რომ არ ყოფილიყო, ბოლოს შიგ ჩაძვრა და მიყუჩდა. საშინელ დაღლას გრძნობდა... შაშხანა ამოიღო. ათივე ვაზნა იდო, იარაღი ასწია და ოპტიკური სამიზნე შეამოწმა... პისტოლეტის მჭიდი სავსე იყო, მაგრამ მაინც მიუგდო ვაზნა სავაზნეში და მეცხრე ტყვია დაამატა.
ჯერ კიდევ ბნელოდა, სოფლის თავზე წამომდგარ მაღლობზე რომ ავიდა. აქედან ხელისგულზე გადაშლილივით მოჩანდა სოფელი. აქ იყო მისი სამიზნე.
უნებურად სასაფლაოსკენ გაექცა თვალი. გაახსენდა ბებიის დაკრძალვისას პირღია საფლავი, ბაბუამისის სიტყვები, მეც ამ მიწაში უნდა დავიმარხოო... `მეცო~,_გაიფიქრა მაშინ გუნებაში...
გათენდა და სოფელი ახმაურდა. ყველგან ფორმიანი სამხედროები იყვნენ. ერთ-ერთმა სახლმა მაშინვე მიიპყრო სნაიპერის ყურადღება_ყველაზე ხშირად ისინი იმ ეზოში იყრიდნენ თავს, თუმცა ასე სააშკარაოზე შტაბი არ ექნებოდათ განლაგებული. უცებ შეამჩნია_ეზოდან ვიწრო გასასვლელი მეზობელი სახლის ეზოში გადიოდა. სახლი თითქოს უკაცრიელი ჩანდა, მაგრამ მისკენ მიმავალ რამდენიმე კაცს პატივი მიაგეს რიგითებმა...
მიდამო მოათვალიერა. ერთი მაღალი ხის ვარჯი ორი მეტრის ზემოთ სამ თანაბარ ტოტად იშლებოდა, ხშირი ფოთლები კი საიმედო საფარს ქმნიდა. ხეზე ავიდა. თვალებში კმაყოფილებამ გაუელვა_დარწმუნდა, თუ საშუალება მიეცემოდა, არ ააცილებდა... დაბინდებისას თავის საფარში დაბრუნდა.
ოთხი საათი სრულდებოდა, როცა წინა დღით შეთვალიერებულ ადგილზე იყო. რამდენიმე წუთი მოიცადა, სანამ ხეზე აძვრებოდა. საეჭვო ვერაფერი შენიშნა. ოპტიკური სამიზნის ღამის ხედვის ხელსაწყო ჩართო. სოფელი ძილ-ბურანში იყო გახვეული, მხოლოდ შიგადაშიგ ძაღლების ყეფა არღვევდა სიჩუმეს. მონიშნულ სახლზე დაკვირვება განაგრძო. სულ მალე გუშაგის გაუფრთხილებელმა მოძრაობამ საბოლოოდ დაარწმუნა, რომ ეს სახლი მართლა საინტერესო იყო მისთვის.
დილით ეზოში ფორმიანების ჯგუფი შემოვიდა. გამოცდილი თვალით მაშინვე გამოარჩია მათ შორის სამიზნე_თავდაჭერის მანერითა და მბრძანებლური ჟესტებით. მასში ბებიამისის ერთ-ერთი მეზობელი ამოიცნო. ზაფხულში საღამოობით ხშირად თამაშობდა ხოლმე სხვა კაცებთან ერთად ნარდს მათ ორღობეში. გვერდით ორი ახმახი ედგა, აშკარად `დაცვა~.
      ყოყმანობდა. ასეთი შანსი შეიძლება აღარც მისცემოდა. მერე შინაგან ხმას მიენდო და შაშხანაც ერთ ადგილზე გაიყინა. იცოდა, არ უნდა ეჩქარა. ორიოდე წამი საათივით გაიწელა, სანამ გასროლის ხმამ სმენა დაუხშო; ცხვირში ნაცნობი დენთის სუნი ეცა... დაინახა, როგორ მოეშვა სამიზნე...
      წამში ყველაფერი შეიცვალა. ეზოდან თითქოს ერთი ხელის მოსმით გაქრა ყველა, მხოლოდ ორი ახმახი ცდილობდა დაჭრილის თუ გარდაცვლილის ცეცხლის ხაზიდან გაყვანას. მეორე გასროლით ერთ-ერთი მათგანი ჩამოიცილა. კიდევ ორი გასროლა მოასწრო, აქედან ერთი ისევ სამიზნეს მოარტყა. უცებ შენიშნა, რომ ავტომატების გარდა ტყვიამფრქვევიდანაც ესროდნენ, ტყვიებმა სულ ახლოს ჩასხიპა ტოტები. მერე მარჯვენა გვერდში გასჭვალა. მოეშვა და ხიდან ჩამოვიდა, თუ ჩამოვარდა. ძირს ძალები მოიკრიბა და საფარისკენ გასწია. ცოტა დრო ჰქონდა, მდევარს რომ დამალვოდა. ცდილობდა, ჭრილობიდან ჩამოღვრილი სისხლის კვალი არ დაეტოვა.  შაშხანა მოიცილა, მერე თავზე წაკრული ნაჭერი მოიხსნა და ჭრილობაზე მიიჭირა, სისხლდენის შესაჩერებლად. საფარს რომ მიუახლოვდა, მიხვდა, სამშვიდობოს იყო გასული. უკანა გზას შებინდებისას დაადგებოდა. ძალები ელეოდა, მაგრამ მაინც მოახერხა საფარში ჩასვლა და შესასვლელის შენიღბვა. თხრილში ღრმად შეძვრა და უღონოდ მიესვენა ნესტიან მიწაზე...
ახლაღა იგრძნო პირში სისხლის გემო. ორმოში თითქმის ბნელოდა. ზურგაჩანთიდან პატარა ფანარი ამოიღო, ჭრილობას დახედა. ტყვია შიგნით იყო ჩარჩენილი. ტკივილმა უმატა. ზურგჩანთიდან სტერილური ბინტი და წამლები ამოიღო, შეძლებისდაგვარად შეიხვია ჭრილობა. პისტოლეტი გაამზადა და იქვე დადო. სისუსტე მოემატა... უცნაურმა თვლემამ წაართვა თავი, სანამ საშინელმა წყურვილმა გამოაფხიზლა. ძლივს მოიწვდინა მათარა და ხარბად მოიყუდა... დაიღალა და მოეშვა. თვალები დახუჭა. ძილ-ბურანში უცებ იგრძნო, რომ ვიღაც დაჟინებით აკვირდება. ფეთიანივით დააჭყიტა თვალები და წამოდგომა სცადა. წამიერად გაუელვა, როგორ დაადგნენ თავს ისე, რომ არაფერი შეუმჩნევია. ანა იყო. გაოგნებულმა გაიფიქრა, აქ რა უნდაო, მაგრამ ანამ თითი ტუჩებზე აიფარა და ჩუმადო, ანიშნა. მორჩილად გაისუსა. წყლიან  ლამაზ თვალებში უყურა ერთხანს, სანამ ანა არ გაქრა.
... რაღაც გადაძახილებმა გამოაფხიზლა. ალბათ, შუადღე გადასულიყო, ორმოში მეტად აღწევდა სინათლე. დაიძაბა... ვერ იპოვიან ალბათ, ვინ დაუწყებს ჩასაფრებულ შეიარაღებულს გულიანად ძებნას... ხმებმა ზედ ორმოს თავთან გადაიარა და უცებ თავში ჩაარტყა ერთმა აზრმა.
ვერავინ ვერასდროს იპოვის აქ, ამ ორმოში! ამ შენიღბულ საფარში! ამ სარკოფაგში! განძრევა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო.
ჩატეხილმა ყინულმა სწრაფად დაიწყო ლღობა. საფეთქელთან იგრძნო გულისცემა... სული შეეხუთა, ცივმა ოფლმა დაასხა. ყველაფერმა უცებ დაკარგა აზრი. საშინელ აბსურდად წარმოუდგა, სადაც ცხოვრაბამ ჩაითრია... სადაც ცივი გონებით და საღი აზრით ჩაათრევინა თავი...
ორმო კი იკუმშებოდა და სუნთქვას არ აცლიდა...
`ბავშვს გეფიცები, ჩვენს შორის არაფერი ყოფილა~, ცრემლიანი თვალები დამნაშავედ დახარა ანამ. `მეთაურის ლიკვიდაციით სერიოზულ არეულობას შევიტანთ!~ მტკიცედ თქვა მაიორმა. `მოგიკვდეს დედა~, ჩურჩულით ამოიხვნეშა დედამ სადღაც ყურთან... გარეთ კი, სულ რამდენიმე მეტრით ზემოთ, უდარდელად იცინოდა ბავშვობა და წკრიალა ხმით ყვიროდა: `გამარჯვებულოო, გამოდი!..~
ორიოდ ნაბიჯში თხრილში ამოჭრილ საფეხურებს დააშტერდა, მისთვის მიუწვდომელ მწვერვალად რომ იქცა. რატომღაც საათს შეხედა. თარიღს.
.
                     *    *    *
_აქაც არაა!_გაეჯგიმა ოციოდე წლის ჯარისკაცი მეთაურის მოადგილეს.
_სამხრეთისკენ გახშირეთ ტყე!_შეიჭმუხნა მან შუბლი. 
_უკვე შორს იქნება წასული._გადაულაპარაკა გვერდით მდგომმა ლეიტენანტმა ახალ მეთაურს.
_ ჩანს, პროფესიონალია._თავი დაუქნია მან...

 

Комментариев нет:

Отправить комментарий