суббота, 19 марта 2011 г.

მშვენიერი ელენე

სანამ გაბუჟებული სხეული მოხეტიალე ტკივილით არსებობას გაახსენებდა, ბუნდოვანმა სიხარულმა გამოაფხიზლა. გული მოლოდინით აუჩქროლდა. დღეს რაღაც განსაკუთრებული ხდება... მაგრამ, რა?
შეწებებული ქუთუთოები ძლივს ასწია სანდრომ. დანისნულ ფოკუსზე სათვალე მოირგო. კედლის საათს შეხედა. რა ადრე ყოფილა...
საწოლზე გაჭირვებით წამოიწია. რკინის ბადემ გაიჭრიალა, თუ, შეიძლება, ძვლებმაც... ჟანგმოკიდებული მექანიზმივით მძიმედ ამუშავდა გონება. თავისი აბსტრაქტულ აღმაფრენის მიზეზს დაუწყო გახსენება...
მართლა... დღეს გამარჯვების დღეა... ცხრა მაისი...
ჯერ ერთი ფეხი ჩამოდგა იატაკზე, მერე მეორე. შეისვენა... ფრთხილად ადგა... ტკივილმა კვნესასავით დაუარა შესიებულ მუხლებში...
ჩაცმას ათიოდე წუთი მოანდომა... აბაზანიდან მოუვლელ სამზარეულოში გავიდა. კვერცხი დადგა მოსახარშად. თაროდან ყავისფრად ჩალაქული პატარა ჩაიდანი ჩამოიღო...
დღეს ვაკის პარკში არ წავა. დილაობით შეუძლოდ გრძნობს თავს... ნიკოლოზს საღამოს დაელაპარაკება, კონცერტის შემდეგ... აუცილებლად... გადაწყვეტილი ამბავია.
საუზმის შემდეგ რამდენიმე წუთი კიდევ იჯდა სამზარეულოში, ტაბურეტზე. მწვანე თვალები ბებრულად მიამიტად დაეჭყიტა. დიდხანს ისრესდა ნიკაპს, ღრმად ჩაფიქრებული. მერე გახუნებული მუშამბა ოდნავ გადასწია და ძველისძველი მაგიდის უჯრა გამოსწია. ხელი კანკალით მიუახლოვდა ძველ ფოტოსურათს, მიუალერსა... გაახსენდა, როგორ ღელავდნენ მაშინ. მთელი რიტუალი იყო ფოტოგრაფთან ვიზიტი... მას კოხტა, მოდაზე შეკრეჭილი ულვაშები ამშვენებდა... ელენეს პატარა ქუდი უფარავდა ქერა თმას... ეს მათი პირველი და უკანასკნელი ფოტო იყო.
* * *
ომი რომ დაიწყო, ერთი წლის დაქორწინებულები იქნებოდნენ... თავიდან გაუჭირდათ... კაცმა რომ თქვას, მერეც არ იყო ადვილი... ელენე ნატიფი იყო... ემოციური... ყველაზე მეტად სამყაროს გრანდიოზულობაზე უყვარდა ლაპარაკი, სულის უკვდავებაზე, ღმერთზე... მას, თავდაჯერებულ ათეისტს, აღიზიანებდა ცოლის, როგორც თვითონ ამბობდა, `გამოხდომები~. უკვირდა, როგორ შეიძლებოდა, განათლებულ თანამედროვე ქალს ასეთი პრიმიტიული აზროვნება ჰქონდეს. ვერ ხვდებოდა, რას ნიშნავდა `მეობის უცნაური შეგრძნება~, ან როგორია `უცებ, სიზმარივით, ყველაფრის შორიდან აღქმა~, ან `სხვადასხვა ადგილსამყოფელის განსხვავებული განცდა~... ამ უკანასკნელ გამონათქვამს კიდევ იტანდა, თუმცა თვით მისთვის აკლიმატიზაცია არც ფიზიკური გამოვლინებებით იყო ცნობილი, არც, მით უმეტეს, სულიერი... ელენე ეგზალტირებულ ქალად მიაჩნდა, ცოტა არ იყოს, ზემოდანაც უყურებდა. ხშირად სჩვეოდა ხუმრობა – არა უშავს, ლამაზ ქალს დიდი ჭკუა არ მოეთხოვებაო...
ელენე, - ახლა კი იცის, - გასაოცარ ლექსებსაც წერდა, ღრმას, ორიგინალურს... ახლა კი იცის სანდრომ, რა დახვეწილია ჩაყვითლებულ მოწაფის რვეულებში მელნით ნაწერი სტროფები, რომ არც მოუკითხავს მისგან დაკომპლექსებულ პოეტს... დიახ, ნამდვილად პოეტს... დღემდე ინახავს სანდრო ამ რვეულებს... მაშინ ცოლის სულიერ ძიებებს სიტყვების რახარუხს უწოდებდა, უაზრო, ცოტა სათაკილო აკვიატებად მიაჩნდა... ელენეს კი ირონიაშეპარული ალერსით მუზათა დედოფალს ეძახდა... ქალს თითქოს არ სწყინდა, გაიღიმებდა ხოლმე...
სანდროსთვის კი ყოფიერების არსი საერთოდ არ იყო დაფიქრებისა და განსჯის საგანი. ამას მისი ევოლუციონისტური მსოფლმხედველობიდან გამომდინარე დროის ფუჭი ფლანგვა ერქვა. დღე ბუნებრივი თავისთავადობა იყო და არა `დიადი საიდუმლო~, ღამე – დედამიწის ბრუნვისას ლოგიკურად წარმოქმნილი გიგანტური ჩრდილი, და არა უფლის მიერ შექმნილი კანონზომიერება... ადამიანი ცხოველთა სამყაროდან წარმოიშვა, სამყარო კი გაზების აფეთქებისას მომხდარი შემთხვევითობაა. რა მოხდა, რომ ჰარმონიული და მექანიზმივით აწყობილია, არ იქნებოდა ასე და, ვერც ჩვენ გავიგებდით ამას. ასე რომ, ფიქრადაც არ ღირს...
...აკანკალებული თითებიდან მოუხერხებლად გასხლტა ფოტოსურათი. მაგიდის უჯრა მიიხურა. მუშამბა ძველ ადგილას დაბრუნდა. სანდრომ სათვალე მოიხსნა და თვალები მოისრისა...
...ჰო, ცხოვრების მორევში მოყოლილს არა სცალია მის სიღრმეებზე საფიქრად. ჩქარა, მალე, სწრაფად... ერთი მალე გავხდე დიდი... ერთი მალე გავიდე ხალხში... ერთი მალე შემიყვარდეს... ერთი მალე შევუყვარდე... ერთი მალე გაჩნდეს ბავშვი... გაიზარდოს... გავიდეს ხალხში... ერთი მალე...
დღე დღეს ისე ცვლის, წელიწადი – წელიწადს... ისე იქმნება ყოფითი პრობლემების მნიშვნელოვნების ილუზია... სადაა დრო სრულყოფისათვის... შეგიძლია იჭორავო, განიკითხო, შური იძიო, ლანძღო, ფეხი დაუდო და მეორე დღეს არც კი გახსოვდეს... გაიკვირვო – ცხოვრებაში სიბოროტე არ ჩამიდენიაო... ახ, ეს... ეს – წვრილმანია... შვილი ვის არ გაუგლეჯია მუცელში... გვერდზე ვის არ გაუვლია... სისაძაგლე ვის არ უთქვამს ცხელ გულზე... ვისა აქვს ახლა ნერვები, მოითმინოს, გასცეს, გაუგოს... ახლა დროა ასეთი...  მანახეთ, ერთი, ჩემზე უკეთესი...  რაღა ჩემით უნდა დაიწყოთ...
...აფორიაქებულმა სათვალე იატაკზე მოისროლა, თუმცა მაშინვე ინანა – მერე გაუჭირდებოდა დახრა მის ასაღებად...
...როდისმე კი, როცა იგრძნობ, რა მარტო ხარ გზის ბოლოს... როგორი გაოცებით აღმოაჩენ, რომ დასასრული აღარც შორეულია და აღარც აბსტრაქტული... რა სასაცილომდე `სულერთია~ ხდება გუშინდელი კერპები... აი, მაშინ გიპყრობს სასოწარკვეთა, რომ არ გაქვს, სულ არ გაქვს დრო რამის გამოსასწორებლად, შესაცვლელად... არც ვიღაც უარესის არსებობას მოაქვს შვება. გარდასულ ვნებათა ჭრელი კასკადი ერთგვაროვანი ნეშომპალის ფენებად გაქვავდება – ამაოებათა ცოცხალ სასაფლაოდ, გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ...  ამაზე არ ფიქრობ იქ, მორევში...
                       * * *
ჯერ კიდევ რუსეთის ტერიტორიაზე იბრძოდნენ... მთიანი ადგილი იყო, ერთი პატარა სოფლის მახლობლად. ასე ახლოს სანდრო არასდროს ყოფილა სიკვდილთან – არც მანამდე, არც შემდეგ. მტერი უფრო და უფრო მჭიდრო ალყაში აქცევდათ. დენთის ბუღში და გრუხუნში აღარც ჩანდა, ბიჭებიდან ვინმე თუღა იყო გადარჩენილი ცოცხლად... 
სანდრო მიხვდა, რომ სიცოცხლე დასრულდა. მოეჩვენა, რომ ეს ყველაფერი, საშინელი და აბსურდული, მის თავს არ ხდებოდა. თითქოს გარედან შესცქეროდა ამ კოშმარს... უცებ, ცხოვრებაში პირველად, გაიფიქრა – ღმერთო, მიშველეო... რაც მოხდა, მთლიანად შეატრიალა მისი მსოფლაღქმა – უეცრად ფეხებში მიწა გაუსკდა, ჩაიტანა... ქვა-ღორღში მისრიალებდა სადღაც ქვემოთ, შორს აქედან, მტრისგან, სიკვდილისგან... როცა მთის ძირამდე ჩაგორდა, კარგა ხანს ვერ მოვიდა გონს. გამაყრუვებელი სიჩუმე იყო თავიდან. მერე თანდათან გამოარჩია ბალახის, ფოთლების შრიალი. ზაფხული იყო, შუადღე. მზე თენთავდა სიმწვანეს. ჭრიჭინები ხმაურობდნენ. თავისი უდროო სიმშვიდით ბუნება არად აგდებდა არც იქვე, მთის მწვერვალზე ტყვიების წივილს, არც მსოფლიო ძვრებს...
სანდრო თითქოს სიზმარში იყო. თავს ერთდროულად განცალკევებით და თან მთლიანობის ნაწილად აღიქვამდა. საკმაოდ უცნაური შეგრძნება იყო. პირველად მიუხვდა ელენეს... მოეჩვენა, რომ ვიღაცა უხილავი უთვალთვალებდა, თანაგრძნობით, სიყვარულით... თითქოს, რაღაც მოლოდინით... გული განუცდელი აღტაცებით აღევსო, ყბები დაეჭიმა, ^თვალები აუწყლიანდა. ჯერ ოთხზე წამოიწია, მერე მუხლებზე და მოუხერხებლად გადაიწერა პირჯვარი.
მოგვიანებით კი, როგორც ხშირად ხდება, სასწაულის შარავანდედი გახუნდა, ეს შემთხვევაც ჩვეულებრივ მოგონებად იქცა და დამსახურებულივით შეფერილ იქნა...
...ომის დასასრულმა პოლონეთის ერთ-ერთ ლაზარეთში მიუსწრო, რამდენიმე თვე დასჭირდა ფეხზე დასადგომად. მერე კი ...
ახლა ამ მოგონებაზე აღარ უვარდებოდა თავში სისხლი, არც მოწოლილი ადრენალინი გადაურევდა გულს... არა, აღარ ბრაზობდა ელენეზე, არც ნიკოლოზზე, არც ღმერთზე, რომლის არსებობა უკვე სწამდა... მისი პატარა ელენე, `მუზათა დედოფალი~, ცხოვრების აზრი, თავისივე მეგობრის ცოლად დაუხვდა...
                          * * *
ელენე რომ უბრალოდ მომკვდარიყო, სანდრო, ალბათ, რომანტიულ ბრიყვად დარჩებოდა, რომელსაც ეჯერებოდა სიყვარულის, ერთგულების, მეგობრობის, კაცობის და ქალობს. კიდევ კარგი – ორივესთვის – რომ ასე არ მოხდა. თუმცა... ვინ იცის, იქნებ მაშინ სხვაგვარად წასვლოდა ცხოვრება...
...ნიკოლოზის კარს რომ სწიხლავდა, გული ყელში უცემდა. ელენემ გაუღო. არც შეუკივლია, არც გაქცეულა, არც მკერდზე ჩამოკიდებია აქვითინებული. იდგა და დაბნეული უცქერდა. ამ ხუთ წელიწადში დაქალებულიყო, გაზრდილიყო. სანდროს გაშიშვლებული ნერვები ზებუნებრივი მგძნობიარობით აღიქვამდა ქალის ყოველ ნაკვთს, მისი სულის ყოველ მოძრაობას... ასეთი ელნე ჩაიხრახნა სამუდამოდ გონებამ... მშვენიერი ელენე... ერთდროულად თავისი სიუცხოვით და ახლობლობით დაზაფრა... გაორებული გრძნობდა – ეს ზედმეტად ვნებიანი ტუჩები ის არ არის, სანდრო რომ კოცნიდა, არც ეს დახვეწილი, დასრულებული სახეა ის, ფრონტზე წასვლის წინ დიდ ხელისგულებში რომ ჰქონდა მომწყვდეული. ელენე შეუცვალეს, უმოწყალოდ შეუცვალეს რაღაც ბოროტმა ძალებმა. ამ მოღალატე ავხორც ქალს სულ სხვა გამოსხივება ჰქონდა, ვიდრე იმ ნახევრად მოზარდ ფერიას, თავის ნეკნს, რომლის დასაბრუნებლად დაუოკებელმა ლტოლვამ გამოატარა ხუთწლიანი ჯოჯოხეთი...
გამძაფრებული ინტუიციით სანდრომ მთელი ისტორია ელენეს სახეზე ამოიკითხა. არა, ეს არ ყოფილა ახალი სიყვარული. არც უეცარი აღმოჩენა ჭეშმარიტად `ერთადერთი~ მამაკაცისა. არც სულიერი სიახლოვე, თვითონ მათ რომ თითქოს აკლდათ...  ინსტიქტური, გულისამრევად ცხოველური ხორცის ხურება, პირველივე ჩაჟინებულ მამაკაცს, მერე კი სინდისის ქენჯნას დამორჩილებული... შემთხვევითი და ყოფითი... ამაზრზენად ნაცრისფერი...
ელენეს დაბრუნებაზე ლაპარაკიც არ იყო - მან თავის ხელით გადაწვა ხიდები, და ახლა სანდროსთვის უკვე სულერთი იყო, მსხვერპლიანი თვითდასჯა იყო ამის მიზეზი თუ ახალი სიყვარული...
მაშინ მთელი უბანი ამ სკანდალზე ჭორაობდა. მით უმეტეს, რომ წინასწარ აგემოვნებდა... ადამიანთა უმრავლესობას ყველაზე გაუსაძლის ყოფით პირობებშიც უღვივის მოთხოვნილება სანახაობებზე...
სანდრო გიჟივით ურტყამდა ნიკოლოზს, გამეტებით, ყველგან. პირიდან დუჟი სდიოდა. ყელის ძარღვები დასკდომაზე ჰქონდა, თვალები – გადმოცვენაზე. ერთი თავით მაღალი, ახოვანი ნიკოლოზი არ უძალიანდებოდა, მაჯაში წაწყვეტილი ხელით სახესაც კი არ იფარავდა. მორჩილად ეთრევინებოდა, სისხლითა და მიწით ამოსვრილი... ელენე გაქვავებულივით იდგა, შიდა ოთახიდან ჩვილის გამყინავი ტირილი ისმოდა...
ცოლი აღარ მოიყვანა სანდრომ. საყვარელს საყვარელზე იცვლიდა. დიდხანს. გვიანობამდე. ნელ-ნელა ითქვიფებოდა ქალთა ურიცხვ კალთებში. ნაწილ-ნაწილ აყოლებდა თითოეულს სულის ნაგლეჯს, იცვითებოდა...
თითქოს, სამუდამოდ გამოჰყვა ბოღმა და სიძულვილი. კარგა ხნით ცხოვრების აზრად სამაგიეროს გადახდა ექცა... ელენესა და ნიკოლოზზე შური არ იძია იმიტომ კი არა, რომ გამბედაობა დააკლდა, არც შიშმა დააკავა, არც დიდსულოვნებამ. თავს იმით იმართლებდა, რომ საკადრისი საზღაურს ვერ მიაგნო... თავიდან, იქნებ, ასეც იყო... მაგრამ თანდათანობით სანდროს გაუტკბა თავისი ბნელი ოცნება. ეს რომ მოხდებოდა იცოდა. სხვაგვარად არ შეიძლებოდა... სხვაგვარად საფლავში ვერ მოისვენებდა... მაგრამ ეს მერე... მერე... ჯერ იყო დრო... ვერც კი წარმოედგინა რას დაემსგავსებოდა მისი ცხოვრება შურისძიების შემდეგ. სასჯელზე არ ფიქრობდა – იმ მომაკვდინებელი სიცარიელის ეშინოდა, სანუკვარი სურვილის დაკმაყოფილებას რომ მოსდევს უცილობლად... მით უმეტეს, უღირსი სურვილის.
როგორღაც ვერ შეამჩნია, როდის შეეპარა აპათია მის განცდებს. სიდინჯე სისხლს... ბოლო დროს სულ უფრო ნაკლებად აგონდებოდა ელენეც და ნიკოლოზიც... გარდატეხა მოულოდნელად მოხდა – ერთხელაც სანდრომ აღმოაჩინა, რომ სიამაყისა და წყენის მყარი კედელი, რომელსაც ნახევარი ცხოვრება ელოლიავებოდა, გაქრა. ბუტაფორიული თავმოყვარეობა, - ეს უკანონო პირმშო ფენომენისა `ხალხი რას იტყვის ჩემზე~, - წლებმა წალეკა. რა პატარა და ბანალური ეჩვენა ყველაფერი წლების სიმაღლიდან. ისეთი შვება იგრძნო, ისეთი სიმსუბუქე... გულის ცხრაკლიტულში მბორგავი ბებერი მხეცი გამოუშვა, უკვე უკბილო, უკლანჭო, უძლური, მაგრამ, თურმე რა ძლიერ აწუხებდა...
სამივენი ყოველწლიურად ხვდებოდნენ ერთმანეთს გამარჯვების დღეს – ვაკის პარკში ან საღამოს, კონცერტზე... ელენე ყოველთვის მოჰყვებოდა ხოლმე ქმარს...  ამ დროს ერთმანეთისგან რაც შეიძლება შორს ეჭირათ თავი, თუმცა მალულად უთვალთვალებდნენ. წლიდან წლამდე ხედავდნენ ერთმანეთის დაბერებას... მერე სამივე თეთრად ათენებდა ღამეს, და სამივეს ეგონა, მხოლოდ ის იყო ამ ყოფაში...
...ახლა, ალბათ, როგორ გაოცდებიან, სანდრო რომ მიესალმება, მოიკითხავს... რას იზამენ? ალბათ, ცრემლი მოერევათ... ნიკოლოზი გადაეხვევა... ის კი, სანდრო, ეტყვის რა კარგი ყოფილა სიძულვილის მხრებიდან ჩამოგდება... რომ ყველაფერი აპატია... მან თავად დაინგრია ცხოვრება და მათ სინდისსაც აჰკიდა ამ ნანგრევების სიმძიმე... წლების წინ რატომ არ მიუცია თავისთვის უფლება, ასე ეფიქრა. ახალგაზრდული თავმოყვარეობა... ვნებათაღელვა... ამაოებათა ნეშომპალა...
 ახალმა აზრმა დენივით დაუარა მოხუცს. წამში გამოფხიზლდა რაღაც ბურანიდან. ერთ რამესაც მიხვდა – ახლაღა გაუშვა ელენე გულიდან. გაუშვა ტკივილით, შვებით და სამუდამოდ...
                            * * *
- გამარჯობა, ძია სანდრო! – ლიფტის კაბინიდან მეზობლის ულვაშიანმა სახემ გაუღიმა.
- გაგიმარჯოს, - ძველი, მკაფიო ქართულით გამოეპასუხა მოხუცი.
- რავა გამოწყობიულხარ დღეს, ცოლი ხომ არ მოგყავს?! – მეზობელი კარგ გუნებაზე ჩანდა. სანდრომ მოძალებული უკმაყოფილება ჩაიხშო.
- მეგობრები ვიკიბრებით და... – ძველ პიჯაკზე ჩამწკრივებულ ჩინ-მედლებზე ფრთხილად გაისვა ხელისგული – ცხრა მაისია...
- ო-ო, რამ დამავიწყა! გილოცავ, ძია სანდრო! კაი საქმეა... – მეზობლის ინტონაციაში მოხუცმა იოლად გამოარჩია შემწყნარებლური ნიუანსი. ასეთი ტონით ჭკვიან ბავშვებს ელაპარაკებიან, როცა თავის სიმაღლემდე აყვანა სურთ.
დიახ, ცხრა მაისია და `თავისებს~ ნახავს. ზოგს კარგად იცნობს, ზოგს – სულ არა. მაგრამ მაინც ყველა `თავისია~. მათთვის ახლა სამყარო ორად გაიყო - `ისინი~ და ყველა დანარჩენი. ვერ უგებენ ერთმანეთს ისინი და სამყარო... ბოლო ათ, ოც, ორმოცდაათ წელიწადში იმდენი რამ შეიცვლა... გამაოგნებლად სწრაფად შეიცვალა... უფრო სწრაფად და გამაოგნებლად, ვიდრე ოდისმე დასაბამიდან...  `ისინი~ მდინარის ფსკერზე მოსროლილ ქვას დაემგვანენ... მორევი გიჟურ რბოლაში მოადგაფუნებს ნაფოტებს, ფოთლებს, ქაფს, ყველაფერს მსუბუქს და დრეკადს... როგორიც, მაგალითად ეს ულვაშიანი ახალგაზრდაა... მისნაირები მყუდროდ გრძნობენ თავს გადარეულ დინებაში... ქვა კი, წნეხში მოყოლილი, ძლივს იძვრის შლამში, ნელა-ნელა, ნელა-ნელა...  მის თავზე ბევრმა წყალმა ჩაიარა... წისქვილის ქვაც დატრიალებულა... ის კი თითქოს ისევ ძველ ადგილასაა გამოკიდებული, თვითონაც ვეღარ ხვდება, რა სივრცესა და დროში...
...ლიფტიდან ჯერ თვითონ გამოვიდა, თუმცა ერჩივნა, მეზობელი გაეტარებინა. იცოდა, ის მის ზურგსუკან ცმუკავდა და სული ელეოდა მოუთმენლობისგან, როდის გაინძრეოდა `ეს ბებერი კუნძი~... ფეხს, რაც შეეძლო აუჩქარა...
...ტროლეიბუსში ასვლისას ვიღაც ღვთისნიერი დაეხმარა. ადგილიც დაუთმეს. მიმოიხედა. ორიოდე მეტყველი ასრიალებული მზერა დაიჭირა - `პატრონი არა გყავს, უბედურო, მარტოს რომ გიშვებს?~
ტროელიბუსი ნელა მიჯანჯღარებდა, მისი შინაგანი რითმის ტემპით... ფანჯარაში რომ  გაიხედა, გაოცდა – სადაცაა ჩასვლის დრო იყო. აფორიაქდა, ანერვიულდა. მოუხერხებლად შეეცადა ადგომას. გვერდით მჯდომი ქალის ფეხებში ჩადგმულ უზარმაზარ ჩანთაზე გადაბიჯება დააპირა.
- მოითმინეთ, ბატონო, გავწევ ჩანთას, ამას გადაადგამთ ახლა თქვენ ფეხს? – აყვირდა ქალი.
- ბოდიშს გიხდით, უკაცრავად... – ძველებური ჯიშიანი გამოთქმით დინჯად იმეორებდა სანდრო და ცდილობდა მომრავლებულ ხალხში გზა გაეკაფა. სიჩქარეში ყველას  აბიჯებდა, ებღაუჭებოდა, ყოველი მხრიდან გაღიზიანებული ხმები, სახეები ეჯახებოდა. სამყარო კიდევ ერთხელ გაიყო ორად – ის და ყველა დანარჩენი. მის, უცხო სხეულის გამოსადევნად ჩაჩირქდა ეს ორგანიზმი ასე უეცრად და ერთპირ...
- ნელა, ძიაკაცო, ფეხები ნუ დამამტვრიე...
- ვაიმე, ძალიან გთხოვთ, ნუ მეკიდებით, რა...
- რა უნდა ახლა ამას ტროლეიბუსში...
- ბოდიშს გიხდით, უკაცრავად... – როცა გამვლელების უცნაური გამოხედვები დაიჭირა, მაშინღა მიხვდა, რომ ქუჩაშიც აგრძელებდა ლაპარაკს. შერცხვა. მობილურზე მოლაპარაკე ვიღაც ახალგაზრდამ სიჩქარეში მხარი გაჰკრა და კინაღამ ააყირავა. მობოდიშება არც უფიქრია, ისე განაგრძო სვლა. სანდრომ ძლივს მოახერხა წონასწორობის შენარჩუნება. როცა მიხვდა, წაქცევას გადარჩა თანდათანობით დამშვიდდა. ჭაღარა თავზე ხელი გადაისვა, მედლები გაისწორა და იქვე მდგარ ვეტერანების ჯგუფისკენ გაემართა.
გული საშინლად აუძგერდა. ნაცნობებს გადაეხვია, დანარჩენებს, ვინც მისი მოსვლა შენიშნა, მიესალმა. ირგვლივ ბანალურ თემებზე ლაპარაკობდნენ – უშუქობაზე, გაზზე და პენსიაზე, მთავრობას ლანძღავდნენ და საბჭოთა კავშირს მისტიროდნენ...
სანდრომ თვალებით ნიკოლოზი მოძებნა... ელენე არსად ჩანდა. შეშფოთდა, თუმცა საერთო ნაცნობებისგან იცოდა, ცოცხალი და ჯანმრთელი იყო. გული დასწყდა. უნდოდა, მისთვის ბევრი რამ ეთქვა. უკანასკნელად ეგრძნო ხელისგულებში პატარა ხელის ტკივილამდე ნაცნობი სილბო, ათასი ნაოჭიც რომ ვერ შეცვლიდა. უნდოდა მისთვის შეენდო და შენდობა ეთხოვა... გაეშვა... მოეწყვიტა... ამ სიბერეში თუ რამეს ახალსა და გასაკვირს აღმოაჩენდა თავის თავში, არ ეგონა. გასაოცარი გზით საკუთარმა გარდატეხამ რწმენა დაუბრუნა – სიყვარულის, მეგობრობის, ქალობის და კაცობის...
                        * * *
სანდრო გამოფხიზლდა. ხალხის ნაკადმა შენობისკენ გაიყოლა. ძველ ოფიცერთა სახლთან გაჯგიმულმა ახალგაზრდა ოფიცრებმა პატივი მიაგეს. ორკესტრმა `День победы~ დააგუგუნა. იდგნენ მოხუცები, ნასიამოვნები და დაბნეული სახეებით შესცქეროდნენ ერთნმანეთს თითქოს ბოლომდე არ სჯეროდათ, რომ ეს ყველაფერი მათ პატივსაცემად ხდებოდა. საზოგადოების ატავიზმებად აღქმას მიჩვეულები, ახლა გულუბრყვილოდ ტკბებოდნენ იმ საერთო აღფრთოვანების დისტროფიული გამოძახილით, ნახევარი საუკუნის წინ უზარმაზარ იმპერიას რომ აზანზარებდა.
...კონცერტის შემდეგ წყვილ-წყვილად ცეკვას ცდილობდნენ ძველ `საბჭოთა~ მელოდიებზე. ცეცხლივით ბიჭები ახლა მიმქრალ ნაკვერჩხლებივით ძლივს იბრუნებდნენ სულს, გაკავებულნი მარილებით და რევმატიზმით. ვარდივით გოგოებს დამჭკნარ სახეზე ტუჩები შეეღებათ...
ქუჩაში ყველანი ერთად გამოვიდნენ, ნელ-ნელა ილეოდა აღმაფრენა. ახლა სამყარო ისევ გადმოვა შეტევაზე, ერთმანეთისგან გათიშავს და იბატონებს... ისევ იგრძნობენ თავსზემოთ თავბრუდამხვევ დინებას... ისევ ჩაწვებიან შლამში, დაბნეულები, უმწეოები და ზედმეტები... მძიმე ქვები გიჟმაჟ მდინარეში.
ერთხანს ადგილს ტკეპნიდნენ. ენანებოდათ განშორება. მერე დაღლამ თავისი გაიტანა. ყველაფერი სულერთი გახდა. მხოლოდ სახლში უნდოდათ, თავის საწოლში, ბურანში ჩაკარგვა არგაღვიძების შიშით თუ იმედით...
                                         * * *  
სანდრო და ნიკოლოზი კარგა ხანია, ერთმანეთს უთვალთვალებდნენ, თუმცა ვერც ერთი ბედავდა მეორესთან მიახლოებას. ხალხი რომ წავიდ-წამოვიდა, ერთდროულად გადადგეს ნაბიჯი. ორივე შეცბუნდა. პირველმა ნიკოლოზმა ამოიღო ხმა.
- გამარჯობა, კაცო... – და არაბუნებრივად გაიღიმა. სანდრო ერთხანს სიტყვებს ეძებდა, მერე ღრმად ამოისუნთქა. მოულოდნელად ნიკოლოზს მკლავში მუჯლუგუნი ჰკრა, - ასე მოწაფეობისას ესალმებოდნენ ერთმანეთს. უზომო დაღლა იგრძნო... ლაპარაკის თავი აღარ ჰქონდა. დილანდელი აღტკინება უკვალოდ გაქრა. ანდა რა საჭიროა სიტყვები, ყველაფერი ისედაც ითქვა ამ ათიოდე წამში...
ნიკოლოზს სახე გაუნათდა. ცრემლიც მოადგებოდა, მაგრამ სანდრომ აპათიურად ჩაიქნია ხელი, ზურგი შეაქცია და ფეხით გაუყვა ქუჩას. ნიკოლოზმა მიაძახა:
- კაცო, ელენეს არ იკითხავ?
სანდრო შემოტრიალდა და ყურადღებით შეხედა. ნიკოლოზი წამოეწია...
                                            * * *  
- რეტროგრადული ამნეზია, - თეთრხალათიანმა ქალმა სათვალე მოიხსნა და ჩაწითლებული თვალები ორი თითით მოისრისა.
- რა ვქნა, ექიმო, რა წყალში ჩავვარდე! – ნიკოლოზი აკანკალებული ხელით მაგიდას დაეყრდნო.
- ვერაფერს იზამთ... ასაკობრივია... მაპატიეთ და, ამ ასაკში კიდევ კარგადაა...
მოხუცის მგძნობიარე ყურმა ქალის ინტონაციაში ფარული გაღიზიანება დაიჭირა, გაოცებით შეხედა. ექიმმა თვალი აარიდა.
- კარგით, ექიმო... მადლობთ... ნახვამდის...
- სასწაული! მის ასაკში ჩემი ძვლებიც აღარ იქნება... არც გული მივარგა, არც ღვიძლი, არც ნერვები... – მიუბრუნდა დაღლილი ქალი ექთანს, როცა პაციენტებმა კარი გაიხურეს.
კარს უკან გარინდულ ნიკოლოზს ნელ-ნელა ავსებდა ბოღმის ტალღა. ძალიან უნდოდა, შებრუნებულიყო კაბინეტში, თვალებში ჩაეხედა ამ ქალისთვის და ეკითხა, რა მათი ბრალია, რომ ღმერთმა დიდი ხნის სიცოცხლე მისცათ... ორიოდე წუთი იყოყმანა, გონებაში ფრაზებს ადგენდა. მერე დაცხრა. რამდენიმე ნაბიჯით წინ ელენე მიფრატუნობდა. ორიოდე თავით დაპატარავებულიყო, ძვირფასი, საყვარელი არსება, ახლა უფრო ძვირფასი და საყვარელი, ვიდრე ოდესმე. კარამდე რომ მივიდა, ნელა შემოტრიალდა და მოიხედა. ნიკოლოზს მაშინვე დაავიწყდა ექიმიც და თავის ბოღმაც. ისევ შემოაწვა შეშფოთება.
- წავედი...  – თქვა დაბნეულად ელენემ.
ნიკოლოზი მიუახლოვდა და მხრებზე ხელი მოხვია.
- ჰო, წავედით...
- სახლში წამიყვანე...
- ჰო, სახლში...
- სანდრო სად არის? სანდროსთან წამიყვანე, სახლში...
ნიკოლოზმა ტუჩი მოიკვნიტა. ქუჩაში ახსნა-განმარტებებს თავი აარიდა.
- ხო, წაგიყვან.
ქალი დაფაცურდა. მოკლე-მოკლე ნაბიჯებს მოუხშირა.
სამარშრუტო ტაქსში უმწეოდ იხედებოდა აქეთ-იქით, ფანჯარაში... ნიკოლოზი ჩასასვლელად რომ წამოდგა, ორივე ხელით ჩაებღაუჭა, თითქოს ეშინოდა, კაცს აქ  არ მიეტოვებინა. ქმარმა მზრუნველად მოხვია ხელი და ფრთხილად ჩაიყვანა ტროტუარზე.
სახლში რომ შევიდნენ, ქალმა დაბნეულად მიმოიხედა.
- სანდრო სად არის?
ნიკოლოზმა თმებში ხელი იტაცა.
- აღარ შემიძლია, აღარ შემიძლია, აღარ შემიძლია, - გავარდა სამზარეულოში.
ქალი შეკრთა. თვალები აახამხამა. მხრებში უფრო მოიხარა. გაოგნებულმა გააყოლა მზერა. ვერ მიხვდა, რამ გააბრაზა ასე უცებ კაცი. კარგი ადამიანი ჩანს, კეთილი. ოღონდ როგორ მოხვდა მის სახლში, ვერ გაეხსენებინა... ვერც იმას ხვდებოდა, რატომ აიძულებდნენ ამდენ ხანს აქ ცხოვრებას. იცოდა, `თავის~ სახლში სანდრო ელოდებოდა... ალბათ, ძალიან ნერვიულობდა... ისიც ღელავდა, სანდროსთან უნდოდა. იცოდა, მხოლოდ მის გვერდით იგრძნობდა თავს მშვიდად. რაღაც ფორიაქობდა და ბრუნავდა გონებაში, რაღაცას იხსენებდა და ვერ იხსენებდა, და წყალწაღებული მეხსიერება, როგორც ხავსს, გულს ებღაუჭებოდა...  გული კი, გული, რომელშიც სამუდამოდ ჩაიწვა ვნებაც, აღმაფრენაც, გული, რომელსაც მეხსიერებისაგან განსხვავებით ვერ ბოჭავდა ჩვევა, უხილავი, ჩაუწვდომელი ძალით სანდროსკენ ექაჩებოდა... როგორც ბირთვი იზიდავს ელექრტონს, როგორც ნახევარი ილტვის გამთლიანებისაკენ...
ამ აუცილებლობას მხოლოდ თვითონ გრძნობდა. სხვები, რატომღაც, უცნაურად ღიზიანდებოდნენ. ერთხელ, მოკვდაო, უთხრეს... რომ მომკვდარიყო, იგრძნობდა... თვითონაც მოკვდებოდა სადღაც, სიღრმეში... ამ სისულელეს როგორ დაიჯერებდა. ახლახანს არ ნახა?! როდის ახლა?! ზუსტად არ ახსოვს... ქმრის თბილი მხრები ახსოვდა, მისი სუნი, ძილის დროს სუნთქვის რითმი... თვალები, ჭკვიანი და ცოტა ირონიული... მერე ბურუსი, სრული ბურუსი...
რამდენჯერმე გაიპარა - `სახლში~ მიდიოდა, მაგრამ გზას ვერ გააგნო. ერთხელ კინაღამ მანქანას შეუვარდა. მას მერე სულ პირდებიან, წაგიყვანთო. ისიც სულ მოლოდინშია...
პატარა გამხმარი ხელი აღშფოთებით მოიმუჭა, თითქოს ფალანგების ამ პატარა ჭურჭელში დაგროვილიყო იმედის უკანასკნელი თავშესაფარი. სჯეროდა, ერთ მშვენიერ დღეს შვებით გაიხსნება... და ყველაფერი სწორი გზით წავა...
* * *  
 ნიკოლოზი მძიმედ დაეშვა ტაბურეტზე. გადაწყვეტილება საბოლოოდ გამყარდა. სხვა გზა არ არის. აღარ შეუძლია. მეტი აღარ შეუძლია.
თავი ასწია და უაზროდ მოათვალიერა სამზარეულო. რა დაცარიელებული მოეჩვენებაა სახლი...
ელენე მისი არ ყოფილა. სანდროსთვის სიყვარული კი არ წაურთმევია, ვალად აუღია. ვალი კი გადიდებულა, დამძიმებულა, ალბათ, გასრესს ნიკოლოზს... ამდენი წელი საპნის ბუშტივით გასკდა. ელენე სანდროსი ყოფილა ყოველთვის...
არადა, ნიავსაც არ აკარებდა ნიკოლოზი. ქალიც თვალებში უყურებდა სულ. საამაყოდ ჰქონდათ, ერთხელაც არ გვიკამათიაო... ერთხელაც!! ამდენი წელი...  როგორღა იფიქრებდა... ახლა სინდისის ქენჯნამღა უნდა იხსნას განადგურებისაგან... მოპარული ბედნიერება... მთელი ცხოვრება... დაიმსახურა, ვერაფერს იტყვი...
ახლა, როცა მის სიყვარულს ყველაფერი მიწიური, ახალგაზრდული და წარმავალი შემოეფცქვნა...  როცა მომავალი მოახლოებულ საფლავის ქვადღა წარმოდგება...  რა სიხარული და შვებაა სწორედ ახლა შენი სულის ნაწილს ჩასჭიდო ბებერი ხელი და ასე იაროთ ბოლომდე. ერთის სიკვდილი ხანმოკლე განშორებად წარმოდგება, მეორის გარდაცვალების დასაწყისად, მწარე სიტკბოებად. უკანასკნელი ბედნიერება, ამიტომ ყოვლისმომცველი, ყველაზე ღრმა და საწადელი...  და უცებ... კარგავ სულის ნაწილს, იმის იმედის გარეშეც, რომ იქნებ სადღაც, იმ ქვეყნად, შენთან იქნება...  იმიტომ რომ შენ არ ხარ მისი სულის ნაწილი... ყველაფერი შეცდომით ყოფილა... ახლა მოუწევს იმ აბსოლიტური სიმარტოვის განცდა, რომელსაც ერთ სხეულში ერთი სული ჰქვია, და რომელსაც ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობის ილუზიით იხშობენ... ვისაც როგორ შეუძლია და გამოსდის.
ნიკოლოზი ადგა. დაკიდებულ `აფთიაქში~ კორვალოლი მოძებნა. ხვალ სანდროს ნახავს... ყველაფერს ეტყვის, აუხსნის. გათავისუფლდება ცოდვისაგან, გამოისყიდის... დროა, თავზე იზრუნოს, სანდრო ალბათ, გაგიჟდება სიხარულისაგან...  სასაცილოა... მას ხომ ყოველთვის უნდოდა სამაგიეროს გადახდა... უარესს ვერაფერს მოიფიქრებდა... იცის, უყვარს ელენე...  ყოველთვის უყვარდა... რას იზამ, წაიყვანოს... გაუშვებს ნიკოლოზი ელენეს, ტკივილით, შვებით და სამუდამოდ...
ნიკოლოზმა ერთი ყლუპით დალია წამალი. სამზარეულოდან გავიდა. შვილს და რძალს უნდა დაელაპარაკოს...
                                             * * *  
გამვლელები გაოცებით აყოლებდნენ მზერას ჩინ-მედლებით დამშვენებულ ორ მოხუცს. რუსთაველს მოუყვებოდნენ. ერთი, მაღალი, ცხარედ და ხვნეშით ლაპარაკობდა, ნერვიულობისაგან სუნთქვა ეკვროდა, საღი ხელით წარამარა იზელდა გულის მხარეს... მეორე მდუმარედ უსმენდა გადათეთრებული ტუჩებით და მარცხენა ლოყა უთამაშებდა. ვერავის ამჩნევდნენ ირგვლივ და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ თითქოს მსოფლიო მნიშვნელობის საკითხი ჰქონდათ გადასაწყვეტი...
ფილარმონიას მიუახლოვდნენ. აქ მათი გზები იყრებოდა. ნიკოლოზი ვაკეში მიდიოდა, სანდრო საბურთალოზე. გაჩერდნენ. სანდრო ისევ დუმდა, ნიკოლოზი ცხვირსახოცით ცივ ოფლს იწმენდა შუბლზე და საულვაშეზე. ციების კანკალმა გადაუარა. ყველაფერი ითქვა. მორჩა. ახლა, რაც იქნება, იყოს...
ნიავმა დაუბერა, სანდრომ გაცრეცილი პიჯაკის საყელო აიწია...  ფეხი შეანელა და უზარმაზარ მუზას ახედა დაბნეულად . . . `მუზათა დედოფალი~... მშვენიერი ელენე... მოეჩვენა, რომ მწვანე ქალმა დამცინავად გაუღიმა...
ცხრა მაისი ბინდდებოდა... `გამარჯვების დღე~...



 

Комментариев нет:

Отправить комментарий