суббота, 19 марта 2011 г.

მარგარიტა და ოსტატი

საკუთარი დანიშნულება ზოგს ლოდივით აწევს. ზოგიც თვითონ აწევს დანიშნულებას...
მარგარიტას თავისი მსუბუქი შალივით მოეგდო მხრებზე. კიდეც ათბობდა, მომხიბვლელობასაც მატებდა, იმიტომ რომ მისი დანიშნულება ხალხისთვის ესთეტიკური სიამოვნების მოტანა იყო. თვითონ ასე ეგონა და, ალბათ, არ ცდებოდა.
თავმომწონე სიზანტით მოძრაობდა. კატასავით ფეხის წვერებდან იწყებდა ნაბიჯს. საერთოდაც, იყო მასში რაღაც კატისებრი. თვალების უეცარი შეფეთება იცოდა, გამჭოლი, მოთავხედო – დამფრთხალი მზერით. მოძრაობები რბილი და გრაციოზული ჰქონდა, ხმა – ბავშვური და შემპარავი. შავი, წყლიანი თვალები ზომაზე გრძელ აპრეხილ წამწამებს შემოერკალა. მიუხედავად მკვრივი აღნაგობისა, სცენაზე მსუბუქად დაფარფატებდა, ეს პარადოქსი კიდევ უფრო აძლიერებდა მის ეფექტს. მარგარიტა არც დიდი მოცეკვავე იყო, არც დიდი მომღერალი, თუმცა შნოიანი იცოდა სიმღერაცა და ცეკვაც. მართლია, იგი ისე ცნობილი არ გახდა, როგორც ხშირად ოცნებობდა, მაგრამ მისი თაყვანისმცემლების რიცხვი ბევრად აღემატებოდა მისივე ტალანტს – კატებს ეხერხებათ თავზე მეტად მაღლა ახტომა.
დროდადრო მარგარიტა რომელიმე ბედნიერს ნებას აძლევდა ჰყვარებოდა. ალერსსაც აცლიდა და კრუტუნიც იცოდა. თუმცა ნებისმიერ წუთს შეეძლო გამთბარი მუხლებიდან ჩამოხტომა. ადაპტაციის საოცარი უნარის გამო არ იცოდა, რა არის შეჩვევა... ამას ისე გრაციოზულად, ისეთი დამოუკიდებელი გამომეტყველებით იზამდა, საყვედურსაც ვერ უბედავდნენ. ასე რომ, ვერავინ ვერასდროს ხვდებოდა, მოიშინაურა მარგარიტა თუ არა – ის ნებისმიერი სიმაღლიდან ხტებოდა და ყოველთვის თათებზე ეცემოდა.
ფიქრი არ უყვარდა მარგარიტას. შთაბეჭდილებები ფერადი პეპლებივით ჩამორიგდებოდნენ მის ლამაზ თავში, ერთხანს ფრთების რხევით გაირინდებოდნენ და მალევე ქრებოდნენ. ისე, იშვიათად სიკვდილზე თუ დაფიქრდებოდა. ისიც მხოლოდ იმის წარმოსადგენად, რა ლამაზი იქნებოდა უსულოც... როგორ დაენანებოდა ყველას... იმიტომ რომ მარგარიტა, ალბათ, ახალგაზრდა მოკვდებოდა – რატომღაც ასე სჯეროდა. სანამ გადაღრძუვდებოდა... სანამ ლამაზი სახე მოემჩვარებოდა. მიწას არ უნდა ენახა იგი ბებერი. მარად ახალგაზრდად უნდოდა დარჩენა.
რაც თავი ახსოვდა, სულ ყურადღების ცენტრში იყო. თუ არ იყო, მოხვედრას ცდილობდა. უყვარდა ყურადღება. სჭირდებოდა წყალივით – გამშრალი ლამაზი ზღვის კენჭივით უფერულდებოდა ყურადღების გარეშე. მის სხეულზე შთანთქმული აღტაცება და არეკლილი სურვილი ენერგიით მუხტავდა. სცენაზე მდგომს ეჩვენებოდა, რომ სამყაროს ჭიპი იყო. როცა ის გადაჭარბებული ემოციებით დარბოდა, დახტოდა, ცეკვავდა, ჟესტიკულირებდა და ქარაფშუტულ სიმღერებს მღეროდა, რესტორნის სტუმრები აპლოდისმენტებად იღვრებოდნენ. პროგრამის ბოლოს საკუთარი თავით გაბრუებული, წარმატებისგან მთვრალი თვალებით დედოფლურად გადახედავდა მის ფერხთით მოგნიასე დარბაზს და, აი, ამ წუთებისთვის ღირდა სიცოცხლე... თუ ემოციაა ცხოვრება და არა რეალობა... რაც გგონია, და არა რაც არის – მაშინ მარგარიტა მართლა იყო სამყაროს ჭიპი.
* * *
სცენა პირდაპირ ღია ბაღში მოემზადებინათ. ახლომახლო ხეებზეც კი განათება იყო მოწყობილი. სცენის წინ გრძელი უზურგო სკამები ჩაემწკრივებინათ.
გვიანი გაზაფხული უხვად აფრქვევდა თავის სურნელს და უმიზეზოდ კარგ ხასიათზე აყენებდა მარგარიტას. ყველაფერი ძალიან მოსწონდა ამ პატარა ქვეყანაში. „მშვენიერია, ზღაპრულია! საუკეთესო გასტროლებია ჩემს ცხოვრებაში!“ – წაუკრუტუნა კმაყოფილებით მასპინძლებს.
კონცერტი საღამოხანს დაიწყო. ქალები კავალრებთან ერთად წინა რიგებში მოეწყვნენ. მარტოკაცები შედარებით უკან სხდებოდნენ. ადგილები შეივსო და ბევრიც ფეხზე იდგა.
კულისებიდან მოთვალთვალე მარგარიტას ნაცნობმა შიშნარევმა ბედნიერებამ სისხლი აუდუღა. ფარდა რომ გადასწიეს, ფართო ღიმილით და თავს ზემოთ აწეული ხელებით გაქვავდა. ბალერინის თუ კატის ნაბიჯებით შუა სცენაზე გამოვიდა. ხალხის ჩოჩქოლი, აღტაცებული შეძახილები აპლოდისმენტებად გადმოიღვარა. მარგარიტას ლოყები აეტკიცა, ზღვას დაბრუნებული ლამაზი კენჭივით აიყარა ფერები... აჟღერდა მხიარული მუსიკა...
რეპერტუარი მოძველებული გახლდათ, მაგრამ არა უჭირდა – აქ ხომ პარიზი არ იყო. მაყურებელს, ალბათ, არც ესმოდა ფრანგული თამამი ქარაფშუტული სიმღერების „მარილი“. ამიტომ მარგარიტა ორჯერ მეტს დარბოდა, დახტოდა და ჟესტიკულირებდა.
კონცერტის შემდეგ ყვავილები მიართვეს. თვალმთვრალი, ბედნიერი მარგარიტა რევერანსებით ემადლიერებოდა მაყურებლის ტაშს. ოფლისგან უპრიალებდა სახე და მოღიავებული გულ-მკერდი. გაშლილ თმას მალიმალ იყრიდა სავსე მხრებიდან...
მასპინძლებმა ფრანგი სტუმრების საპატივსაცემოდ სუფრა გაშალეს. მარგარიტამ ცოტა დალია, ბევრი იკისკისა. მიჩენილ ბინამდე გვიან ღამით მიაცილეს.
დილით არაფრით უნდოდა გაღვიძება. ძალიან უყვარდა ძილი. დილა კი არ უყვარდა მარგარიტას – იგი ზედმეტად კაშკაშა იყო, ზედმეტად რეალური. დილა იყო სამუშაო ადგილის უთავბოლო ძიება, იმპრესარიოების კუდში დევნა, დილა იყო პირველი კაცის წასვლა, დედის სიკვდილი, მარტოობა... შემდეგ – რეპეტიციები, ფეხების მტვრევა...
საღამო კი, ხელოვნური შუქით გაჩირაღდნებული, წარმატება იყო, ხალხმრავლობა და ტრიუმფი. საღამო პატარა კაფეშანტანს მთელ სამყაროდ აქცევდა, მარგარიტას კი, ერთ ჩვეულებრივ შანსონიეს, – პრიმადონად... ასე რომ, არ უყვარდა დილა მარგარიტას...
... ხალათი მოისხა და ამინდის გასაგებად მთქნარებით გავიდა აივანზე... უცბად ნახევრად შეწებებული თვალები დააჭყიტა... რამდენმე წამი გაოგნებული შესცქეროდა ვარდებით მოფენილ მიწას...
კიბეზე სამიოდე რბილი ნახტომით დაეშვა... ღმერთო, რა რომანტიკაა! კარის ურდული ძლივს გახსნა აკანკალებული ხელებით... რა სიგიჟეა!.. ყველგან ვარდები... მთელი ეზო... ქუჩა... სადამდეც თვალი გასწვდება... ყველა გამვლელი მას უყურებდა... შორიახლოს ხალხი შეკრებილიყო, თან მისკენ იხედებოდა... ის კი იდგა – ხალათიანი, გაბურძგნული, შეუღებავი და ნეტარებისაგან ლამის ეკნავლა. არასოდეს არავისთვის მიუძღვნიათ ასეთი საჩუქარი, არ გაუგია მარგარიტას მსგავი რამ... ის ერთადერთია... ღმერთო, ახლა გული გაუსკდება... ჯერ ერთი ფეხი დაადგა ქორფა, ლამაზ ყვავილებს, მერე – მეორე; ცოტა გაიარა თითის წვერებიდან დაწყებული ნაბიჯებით... მიწა არ ჩანდა, ყველგან ვარდები იყო მოფენილი... მის, მარგარიტას ფეხქვეშ დაგებული...
ახალი ამბავი მყისიერად მოედო პატარა ქალაქს. ხალხი მთელი დღის მანძილზე მოდიოდა ყვავილების ზღვის სანახავად. მარგარიტა მალევე დაწყნარდა და საჩუქარიც შეიფერა. უჩვეულო თაყვანისმცემელიც სიამოვნებით მიიღო...
ეს მამაკაცი მხატვარი აღმოჩნდა და არა მდიდარი თავადი, როგორც მარგარიტამ თავიდან დაასკვნა. ქალმა შეათვალიერა. მხატვარი ორმოციოდე წლისა იქნებოდა, მაღალი და სიმპათიური. კარგი ჩაცმული იყო, ოქროს ძეწკვზე მდიდრული საათი ეკიდა. აღფრთოვანებით და მოწიწებით შესცქეროდა ქალს. მარგარიტამ ჩაიკრუტუნ-ჩაიცინა, ხელით სავარძელზე ანიშნა...
ნიკოლა – როგორც მარგარიტა ეძახდა, ძალზე გალანტური კავალერი აღმოჩნდა. სულ თვალებში შესცქეროდა, ქალს კი ძალიან უყვარდა პატარ-პატარა კაპრიზები... მარგარიტა ამჯერადაც იოლად მიეგლისა ფუმფულა გვერდით ახალ მამაკაცს, ისე ჩაუთბა და მიეკრა, როგორც თითქოს არავისს მანამდე... საღამოობით ნიკოლა აუცილებლად ესწრებოდა მის კონცერტს, იჯდა ბოლო რიგებში და სუნთქვაშეკრული შესცქეროდა ქალს. მერე ელოდა. ხან დიდხანს, ხან უშედეგოდ. ღამე მარგარიტას მის მხარზე მიმყუდროვებულს ეძინა. მთელი სხეულით, კნუტივით ეკვროდა, სუნთქვისას რბილი მუცელი უთრთოდა... კაცი მძინარეს თავზე ეფერებოდა და ღია ფანჯრიდან ვარსკვლავიან ცას ასჩერებოდა. ფიქრობდა მარგარიტაზე. თავს დამტყდარ უეცარ, მყიფე ბედნიერებაზე. მომავალზე არ ფიქრობდა, იმიტომ რომ ვერ წარმოედგინა იგი მარგარიტას გარეშე.
ციებიანივით ცხოვრობდა თითქოს. ყველაფერი მოისროლა, ყველაფერს ხაზი გადაუსვა... ყოველთვის ყველაფერი იგვიანებდა მის ცხოვრებაში, დაიღალა ლოდინით მისი ტალანტიც და მისი გულიც... ეს ბედნიერება ხატვაზე მეტი იყო...
დანიშნულება ლოდივით აწვა ყოველთვის, მართავდა მის სურვილებს, მთელ ცხოვრებას, ახლა განთავისუფლებული ჯინივით გრძნობდა თავს, გენიის ბორკილებიდან თავდაღწეული, გაუწონასწორებლად ეძლეოდა სიყვარულს... შლეგივით ხარჯავდა გრძნობას და სიმწრით ნაკოწიწებ ფულს, ცხოვრებაში ერთადერთხელ რომ მოაგროვა – რძის ნაწარმის ორწლიანი ვაჭრობით. მთელი ცხოვრების ოცნება – სახელოსნო, მრგვალი მაგიდით და სამოვარით, მხატვრებითა და მუზებით სავსე – მზეზე დაგდებული ძველი სურათივით გახუნდა, გაუფერულდა... მარგარიტა არ იყო ანგარებიანი და მომთხოვნი. არ სთხოვდა ძვირფას საჩუქრებს, მაგრამ კაცი უსაზღვრო ნეტარებით ახარჯავდა ფულს. მარგარიტამ ბევრად დიდი, შეუფასებელი რამ განაცდევინა – ნამდვილი ბედნიერება...
* * *
მარგარიტა ხალისით დათანხმდა პოზირებას. მორჩილად ჩაიცვა ის კოსტიუმი, პირველ წარმოდგენაზე რომ ეცვა. დამჯერად დადგა, როგორც ნიკოლამ დააყენა.
ეს მისი წინასარევერანსო პოზა იყო. მარგარიტა ზამბარასავით მოიმართა, მოთავხედო – დამფრთხალი მზერა ველურ კატასავით მიელულა. სავსე ტუჩები განგებ გააპო... შინაგანი ხედვით ათვალიერებდა საკუთარ თავს, ასე ვნებიანს და მიმზიდველს. კმაყოფილებისაგან გააჟრჟოლა.
ნიკოლა დაიხურა გარე სამყაროსათვის. მოლბერტის უკან, მთვარეულივით მომზირალი, ნელ-ნელა ამოძრავებდა მკლავს. იდგა მარგარიტა და ცდილობდა გამოეცნო, სხეულის რომელ ნაწილს ხატავდა ახლა კაცი. სიამოვნებდა იმის წარმოდგენა, რომ მისი მშვენება ნელ-ნელა გადმოდიოდა ტილოზე...
ერთი საათის შემდეგ დაიღალა. წამოწვა. ნიკოლა მაინც აგრძელებდა ხატვას. დროდადრო ქალს თვალს შეავლებდა ხოლმე. მარგარიტამ ნამუშევრის ნახვა მოისურვა, მაგრამ როცა კაცმა უარი უთხრა, იქვე დაეთანხმა. რბილი ქალი იყო მარგარიტა, კატასავით რბილი და ფუმფულა...
 მეორე დღეს პორტრეტი მზად იყო, ნიკოლა კმაყოფილი ჩანდა. რაღაცას უხსნიდა თავის ხორხისმიერ ენაზე და იღიმებოდა. მარგარიტა მიხვდა, რომ პორტრეტი კარგი გამოვიდა. გაუხარდა, პორტრეტს მიუახლოვდა.
უცებ ღიმილი სახეზე შეეყინა. ეს... ეს... ღმერთო ჩემო!.. ბავშვის ნათითხნი თუ კარიკატურა... ეს უფორმო, უკისრო სხეული... გროტესკული კიდურები... უშნო პირსახე... გამუქებულ-გასქელებული წარბები... წაგრძელებული ცხვირი... დაბალი შუბლი... ღაბაბი?! განა ამხელა ღაბაბი აქვს?! და ამ სიმახინჯის ფონზე კეკლუცად გაბუტული ტუჩები...
მარგარიტას თვალებში სიავე ჩაუდგა. სახე აელეწა, პატარა რბილი მუშტებიდან ბრჭყალებივით იელვა გრძელმა ფრჩხილებმა.
...მარგარიტას კაპრიზებს შეჩვეული იმპრესარიო ბუზღუნით ალაგებდა ბარგს. გასტროლები წარმატებული იყო… თავისუფლად შეიძლებოდა კიდევ დარჩენა... მთელი საღამო მოუნდნენ ფრანგები გამზადებას. ღამე კი მარგარიტა უკვე მატარებლის ვაგონში იჯდა და ახალ ადგილას მიიჩქაროდა. ამჯერადაც უცაბედად ჩამოხტა გამთბარი მუხლებიდან, ალერსით გულასუყებული, უდრტვინველი და დამოუკიდებელი... რთულია კატის მოშინაურება. .. მისი მინდობაც არ შეიძლება... წარსული ადვილად და უმტკივნეულოდ მოისროლა, როგორც ყოველთვის... უცებ გადაწყვიტა, უცებვე მოისროლა...
... კატები ზურგზე არ ეცემიან...
* * *
მარგარიტა თითქოს გაქვავებულიყო. ხალხის ჩოჩქოლი, აღტაცეული შეძახილები აპლოდისმენტებად გადმოიღვარა. ქალს ლოყები აეტკიცა... შიშნარევმა ბედნიერებამ სისხლი აუდუღა. ბალერინის თუ კატის ნაბიჯებით წინ წაიწია...
გაორებული იყო მარგარიტა. ეს ხმები მას ეკუთვნოდა და არც ეკუთვნოდა... დროდადრო მუჯლუგუნებით სწევდნენ განზე... ის კი ერთ ადგილზე ღელავდა ხალხის დინებაში. იდგა მარგარიტა და საკუთარ ორეულს თვალებში ჩასცქეროდა. ცრემლით ავსებოდა მიმქრალი მზერა. მომჩვარული ნიკაპი ძლივს შესამჩნევად უცახცახებდა. რამდენჯერმე უნებურად ასწია დაძარღვული ხელი, შორიდან მიუალერსა პორტრეტს, რომელმაც თითქოს მიტოვებული ბავშვივით მოძებნა ნახევარი საუკუნის შემდეგ... თითქოს აქ, ახლა, მხოლოდ მის სანახავად გაჩნდა... ქარაფშუტული და ნამდვილი სიყვარულის უნებური ნაყოფი... ახლა უხმო საყვედურივით შესცქეროდა მუზეუმის კედლიდან... რა უცნაურად ასრულდა მარგარიტას ოცნება – უკვდავება და ახალგაზრდობა შეეხო უხრწნადი კიდით... ბებერი გული აუჩქროლდა. რა ზუსტად დაუხატავს ნიკოლას... რა კარგი იყო, სავსე გულ-მკერდით და წვრილი წელით... რა საოცარი თვალები ჰქონდა, რა ტუჩები... რატომ არ მოეწონა მაშინ... ალბათ, იგი კატას ელოდა და ნიკოლამ ქალი დახატა... რა იცოდა ამ უცნაურმა კაცმა ნეტავ, მარგარიტა რომ სოფელში წამოჩიტდა და გულიც იქ დატოვა. როგორ მიხვდა ნიკოლა, რა ტკივილამდე უყვარდა სივრცე... ვინ ასწავლა ტრიალი მინდვრის სურნელის ხატვა, ან სად შენიშნა, რომ ცა მხოლოდ დილაობითაა ასე გულისშემძვრელად ლურჯი... ნამდვილად იცოდა ნიკოლამ – დილა მას შემდეგ შეჯავრდა, როცა პირველად მამლის ყივილის ნაცვლად ავტომობილის საყვირებმა გააღვიძა. .. და ეს თაიგული ხელში, თითქოს დაბევებული ზურგსუკან მოტოვებული სივრცეებისგან... ახლაღა იგრძნო მარგარიტამ, რატომ მოუფინა ნიკოლამ ვარდებით გზა. .. ის ამ სურათიდან ახლა სცენაზე გადახტება, რევერანსს გააკეთებს და ისევ კატად იქცევა... მთელს ცხოვრებასაც თითის წვერებზე გაივლის... ეს საცეკვაო კოსტიუმი ნებაყოფლობით ბორკილად ადევს... ჰო, უყვარდა სცენას მარგარიტა... ათამამებდა და ეალერესებოდა ფაფუკ ზურგზე, თუმცა მანაც ვერ მოიშინაურა ბოლომდე...
ხალხის ჩოჩქოლმა გამოაფხიზლა. გამოფენაზე ბევრი იყო ნიკოლას სურათები.
– გენია...
– საოცრება...
მარგარიტას პორტრეტთან განსაკუთრებით დიდხანს ჩერდებოდნენ.
– ხომ იცით, ეს ქალი ფრანგი ყოფილა...
– მხატვარმა ყვავილების ზღვა აჩუქა, მან კი საჩუქრებზე გააკოტრა და მიატოვა...
მოხუცი ხალხს შეერია, გამვლელებს სახელოში მსუბუქად ებღაუჭებოდა, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევდა...
მარგარიტას თვალები უბრწყინავდა: „ეს, იცით, მე ვარ... ეს მე ვარ“, – ჩურჩულებდა სადღაც სივრცეში.
2004

 

Комментариев нет:

Отправить комментарий