суббота, 19 марта 2011 г.

თეთრი გოგი

         _ ქალბატონო! ერთი წუთით, ქალბატონო!
ქალბატონი, როგორც იქნა, სახით ჩემსკენ ტრიალდება, რაღაც გაოგნებით თუ უნდობლად მიყურებს. ალბათ, ასე რომ მივმართე, იმიტომ. რა ექალბატონება აბა, ერთი სოფლელი ხანშიშესული დედაკაცია, საკმაოდ მოტეხილი ფიზიკური შრომისგან. წინ ჟანგიან ურიკას მიაგორებს, ნაგვით სავსე პარკებით გაძეძგილს. ხევში მიაქვს გადასაყრელად. დგას, ძვალმსხვილი ხელების დოინჯით, მელოდება, როდის მივუახლოვდები უცხო კაცი და ვის ვიკითხავ.
_ გამარჯობათ... ვერ მიმასწავლით, თეთრი გოგი სად შეიძლება ვნახო?
ხმას არ იღებს. მიყურებს. უკვე მიხვდა, ვისაც ვეძებ, მაგრამ არ ჩქარობს. მათვალიერებს. ვარაუდებს ადგენს, რისთვის შეიძლება თეთრი გოგი დამჭირვებოდა. ძალიან მყარი ნერვები აქვს. ას წელს მიატანს, მიუხედავად საწყალი შეხედულებისა. წყნარად მოკვდება თავის ლოგინში, შვილთაშვილებით გარშემორტყმული.
იმდენად აღარ ცხელა, მაგრამ დასიცხული ვარ მგზავრობის შემდეგ, სულ სველი, დაღლილი. ავტობუსმა საშინელ გზებზე იჯაყჯაყა, ისე რომ ეს ქალი ნელ-ნელა მაღიზიანებს.
_ არ იცნობთ? _ ვეკითხები.
_ როგორ არა, _ დინჯად ამოღერღა როგორც იქნა. _ ჩვენი მწყემსია.
_ ვიცი, _ მოუთმენლად ვამბობ. _ სად შეიძლება ვნახო?
_ სხვა სად უნდა ნახო. საძოვრებზე ჰყავს ახლა ფარა.
ქალი ისევ დადუმდა და რატომღაც ნიშნისგება დავიჭირე მის მოცბიერო თვალებში.
არა, უკვე ნერვებს მიშლის.
_ როგორმე ამიხსენით რა, როგორ მივაგნო. აუცილებელი საქმე მაქვს.
ქალი გამოცოცხლდა. ის, რომ აუცილებელი საქმე მაქვს თეთრ გოგისთან, არ უკვირს. იმის ინტერესი კლავს, ნეტა რა საქმე. მიყრუებული სოფელია, ღარიბი მოვლენებითა და სანახაობებით. მესმის.
_ მასე ვერ მიხვდები. ბიჭს გაგაყოლებ, ჩემს შვილიშვილს.
გადასარევია. მართალია, იმედი აქვს, რომ ბიჭს მერე დაკითხავს, მაგრამ რაც მთავარია, ბოლო პუნქტს ვუახლოვდები. ქალი თავის ურიკას შუა გზაზევე ტოვებს და საწინააღმდეგო მიმართულებით მივყავარ.
სანამ კუს ნაბიჯით მიზოზინე ქალს ცმუკვით მივდევ, იმაზე მეფიქრება, საერთოდ თუ ღირდა ამოდენა მანძილის გამოვლა. ისევ იმით ვიმშვიდებ თავს, რომ ცდა ბედის მონახევრეა და ყველაზე მიზერული შანსის გამოყენებაც გამართლებული. ის, რაც გოგიზე გამიგია, რის გამოც ვეძებ, შეიძლება არც არაფერში გამომადგეს, შეიძლება, რაღაც-რაღაცეების გარკვევაში დამეხმაროს. რაღაც აზრისკენ მიბიძგოს. გამოსავალზე ალბათ ლაპარაკიც ზედმეტია, თუმცა ვინ იცის... ისე მძიმედ მაქვს საქმე, ყველაფერზე ვარ წამსვლელი, ოღონდაც ცოტათი, სულ ცოტათი მაინც აიხადოს ფარდა, ფარდის კიდე. იქნებ დავლანდო მაინც რაღაც  მაშველი რგოლი, ჩემს ჯაჭვს რომ შეკრავს, რომელზეც მძიმე ჯვარი მკიდია...
შვილიშვილი გალეული მაღალი მოზარდი აღმოჩნდა. აღფრთოვანება ნამდვილად არ გამოუხატავს ბებიამისის დავალებაზე, ჯიქურ ამომხედა უკმაყოფილო მზერით. თუმცა უცხო კაცს ხათრი ვერ გამიტეხა და გამომყვა. უხმოდ მივდივართ, ბიჭი, თავის ფიქრებში გართული, რაღაც მელოდიას უსტვენს. ნახევარ საათზე მეტი გავიდა. თავისი გრძელი ფეხებით იმხელა ნაბიჯებს დგამს, ძლივს ვეწევი. მთის ბილიკს რომ ავუყევით, სერიოზული დაღლა ვიგრძენი. გარშემო მთის ბუნების სილამაზის აღქმის თავიც კი არ მაქვს.
როგორც იქნა, თეთრად გაფანტული ფარა გამოჩნდა. მწყემსი შორიდანვე ჩანს. ხის ქვეშ წამოწოლილი ეწევა. სანამ ვუახლოვდებით, თვალს არ გვაცილებს.
_ გოგი ძია, აი, თქვენ გიკითხათ და... _ მოვალეობის კეთილსინდისიერი შემსრულებლის გამომეტყველებით ბიჭი იქვე, მის გვერდზე დაეშვა, ნეტარებით გაიშხლართა, რაღაც ბალახის ღერო მოწყვიტა და კბილებშორის მოიქცია. ორივე კითხვის გამომეტყველებით შემომცქერის.
_ გამარჯობა, _ ვამბობ.
_ გაგიმარჯოს, _ მეპასუხება მწყემსი.
შევკრთი.
მძაფრი სუნი სულს მიხუთავს.
ვუყურებ და გული მეკუმშება. მაინც ძალას ვიკრებ. მიჩვეული ვარ ამას, რაც გინდა თქვი.
ორმოციოდე წლის იქნება. ალბინოსია, ახლომხედველ მოწითალო თვალებს ჭუტავს და ისე მათვალიერებს. ძალიან მოკლედ შეკრეჭილი თმა თითქმის იმავე სიგრძისა აქვს, როგორც გასაპარსი წვერი. ბიჭს გავხედე. მიყურებს, ბალახის ღერს ღეჭავს და ისეა წამოწოლილი, აზრადაც არა აქვს ჩვენი მარტო დატოვება. ისევ მერევა ბრაზი.
_ მე თბილისიდან ვარ... თქვენზე მსმენია... მზიასგან... მზია გახსოვთ? ასე თქვა, ვემახსოვრებიო...
ალბინოსი გაშრა. წამით მეტყველების უნარიც კი დაეკარგა.
_ როგორ არ მახსოვს...
თითქოს ერთი ხელის მოქნევით ჩამოიგლიჯა დაძაბულობა.
_ მზია... როგორაა, რას შვება... _ დაბნეულად მეკითხება, წამოჯდა, სახე გამოუცოცხლდა. აშკარად ღელავს, იღიმება, მეჩხერი კბილები ყვითლად უელავს სითეთრეში.
_ კარგადაა. ორი შვილი ჰყავს, სკოლაში დადიან უკვე.
დაუფიქრებლად ვთქვი. ალბინოსი ჩაქრა. შუბლზე ნაოჭმა გადაურბინა.
_ კარგი გოგოა მზია ძალიან. ხომ ბედნიერია?
_ კი, კი...
ისევ სიჩუმე ჩამოწვა. ბიჭს გავხედე. ისევ ღეჭავს ბალახს და თვალს არ მაცილებს. კარგადაა დარიგებული ბებიამისისგან.
_ თქვენთან აუცილებელი საქმე მაქვს, _ ყოყმანით დავიწყე.
ალბინოსმა ამოიხვნეშა. სიგარეტის ნამწვი მოისროლა.
_ რა არის იცი... აღარ ვწინასწარმერტყველობ... დიდი ხანია უკვე, წლებია. შევეშვი მაგას.
ბიჭი ნიშნისგებით ღეჭავს ბალახს და გამომცდლად შემომცქერის.
_ სხვა რამე მაინტერესებდა... – ვიწყებ და სიტყვა მიწყდება. სხვა შემთხვევაში ვეტყოდი ადამიანს, თუ შეიძლება, მარტო დაგვტოვეთ-მეთქი, მაგრამ ეს ხმასაც არ გამცემს, გააგრძელებს ძროხასავით ბალახის ღეჭვას, დიდი-დიდი, მხარი ინაცვლოს.
ალბინოსმა ჩაიცინა. ბიჭს გახედა.
_ რა, თენგოანთ გოგო დაბრუნდა ქალაქიდან? _ ჰკითხა. ბიჭმა უცნაურად შეხედა.
_ რა ვიცი, არ უთქვამს, როდის ჩამოვა.
_ ჩადი, ინახულე, _ დარწმუნებით ჩაილაპარაკა ალბინოსმა.
ბიჭი სიზმარეულივით ადგა, არც დაგვემშვიდობა, ისე წავიდა თავისი ჩქარი ნაბიჯით. თეთრმა გოგიმ ახლა მე შემომხედა გამჭოლად.
_ მზიას ახლობელი ჩემთვის ძმასავითაა.
მის შორიახლოს ვიკალათებ. შფოთი მეძალება. ვცდილობ, მძაფრ სუნს ყურადღება არ მივაქციო. მაინც ვერაფერს შევცვლი.
_ შენი ვინაა? _ თავს არ წევს, ისე მეკითხება.
_ ჩემი კარგი მეგობარია...
აღარაფერი უკითხავს. მელოდება. ეს ოხერი, ლაპარაკიც რომ არ მეხერხება საერთოდ...
_ ისა, _ ვეუბნები, _ რაღაც კითხვები მაქვს თქვენთან....
_ ”თქვენ” და ეგეთები არ გამაგონო. “შენ” მითხარი.
_ კარგი. მზიამ მითხრა რაღაც-რაღაცეები და...
ალბინოსმა ცერად გადმომხედა.
_ თქვენი ნიჭის შესახებ მომიყვა.
ჩაეცინა.
_ ნიჭის... ნიჭი კი არა, ბორკილებია... რა შავ ქვად მინდოდა...
_ რა არის, იცით... ძალიან მაინტერესებს პარანორმალური მოვლენები... მათი ახსნა...
_ რა ახსნა, _ ალბინოსი აშკარად ვერ იყო ხასიათზე, _ რა ახსნა უნდა მოუძებნოს ამას ადამიანმა.
ვგრძნობ, ალაპარაკდა. მზიამ თქვა, ძალიან ენაწყლიანიაო. მთავარია ერთი დაიწყოსო.
_ მითხარით რა, ეს პირველად როგორ იგრძენით...
ალბინოსმა სივრცეს გაუშტერა თვალი. მომეჩვენა, თითქოს თავის ცხვრებს ითვლისო.
_ პირველად... რაღაც-რაღაცეებს მანამდეც ვგრძნობდი. მეორე კლასში ვიქნებოდი, ზეიმი გვქონდა საახალწლო. ლექსები დაგვირიგეს, “სიტყვები”... თოვლის პაპაც იყო... კლასელი გვყავდა ერთი, გოჩა ერქვა. ჰოდა, ამ ბავშვს ასეთი როლი ჰქონდა, სასაცილო, ზარმაცი ოროსანი იყო ვითომ. დგას ეს ბავშვი და იძახის: სახლში სულ მეჩხუბებიან მშობლები, არ სწავლობო, ესაო, ისაო... “შენ მომიკვდი, შენ არ გაიხარეს” იქით აღარ მესმის არაფერიო... თქვენ იცინით და მე კი რა მაქვს ბედშავს სასაცილოვო... ამასწინათ სიზმარში ღმერთი მეუბნებოდა, ვერა ხედავ, იხრჩობი, ხელი გაანძრიე და გეშველებაო... მე კიდევ სწავლა რომ მეზარება, აბა რა ვქნაო? რაღაც ასეთებს ამბობს ეს ბავშვი. ზეიმის მაყურებლები, _ მშობლები, _ იცინიან, პირები დაფჩენიათ...
შევხედე, კაცო, და უცებ რას ვხედავ. ამ ბავშვს თავზემოთ ლურჯი სვეტივით ადგას და, ეს სიტყვები, როგორც წყალში ჰაერის ბუშტები, ისე არ ადის ქვემოდან ზემოთ?! თითქოს წყალში ლაპარაკობდეს. ადის და რაღაც მუქ ღრუბლად ადგება. ვუყურებ და შიშისაგან ტირილი მინდება. მეთქი, რა ხდება. სხვებს გადავხედავ _ არავინ არაფერს ამჩნევს. იცინიან, ტაშს უკრავენ. სიტყვები კი ასდის და ასდის ჰაერის ბუშტებად თავსზემოთ... ულაგდება და ულაგდება ღრუბლად... ვერ ვინძრევი, ვერაფერს ვამბობ. მასწავლებელი თვალებს მიბრიალებს, უცებ მივხვდი, რომ ჩემი ლექსის ჯერია. ლექსი კი არა, გული მაქვს ამოვარდნაზე. დავიწყე ტირილი. ყველას ეგონა, ლექსი დაავიწყდაო, მაშინვე სხვა ბავშვით შემცვალეს. ვდგავარ, ვკანკალებ და ვტირი. გაქრა არადა ლურჯი სვეტი. მასწავლებელი ისევ მიბრიალებს თვალებს. ზეიმის შემდეგ, ჩხუბი რომ დამიწყო და სვეტზე ვუთხარი, კეფაში წამომარტყა, სისულელეებს ნუ ბოდიალობ და წესიერად დაიზეპირე ხოლმეო ლექსები...
...ეს გოჩა, უკვე სკოლას ვამთავრებდით, ტბაში დაიხრჩო... თითქმის ნაპირთან... ფეხზე წყალმცენარე შემოეხვია, ჩაითრია. ერთი რომ გაეფართხალა, გასცურავდა, არაფერი მოუვიდოდა, მაგრამ შიშისაგან გული გაუსკდა. მანამდე ცოტა ხნით ადრე ატეხილი იყო, მეო, მალე მოვკვდებიო, იმეორებდა. ვხედავდი, როგორ ადგებოდა სვეტი თავზე და როგორ ცურდებოდა ზემოთ ჰაერის ბუშტებად მისი სიტყვები, ვეხვეწებოდი, მასე ნუ ლაპარაკობ-მეთქი, და ეცინებოდა, კაი, ვხუმრობო. მართლა ასე ფიქრობდა, თვითონ წამითაც არ სჯეროდა, რასაც ამბობდა.
ეგ იყო პირველი.
რა ვიცი... მალევე მაგ ზეიმის შემდეგ ასეთივე სვეტი მეზობელს შევნიშნე თავზე. ვისთანაც ჩხუბობდა, იმის შვილს წყევლიდა, ნეტა რა პირით... ღრუბელი შეეკრა თავზე და, გაქრა სვეტი, კაცო... იმ დღის დაბინდებამდე თავისივე შვილმა ხელი მოიტეხა... სწორ ადგილზე წაიქცა და ან როგორ დაეცა ეგრე... ბავშვობაში ბებიებმა იცოდნენ ხოლმე თქმა, ვიღაცის სიტყვა რომ ახდებოდა, “ამინ”-მა ჩამოიარაო. რა ვიცი, ვის სად დარაჯობს ეს “ამინი” და... მერე მაგ სვეტს ზოგჯერ ვხედავდი ხოლმე, ხან ვის დაადგებოდა თავზე ზემოთ-ზემოთ მცურავი ბუშტებით, ხან ვის. ერთი-ორჯერ ეს რომ ხმამაღლა ვთქვი, საცინლად ამიგდეს. ვერა ხარო შენ მთლად ჭკუაზე...
მერე, ერთხელ, ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ჩვენი ნათესავი... ჩვეულებრივ, როგორც ხდება ხოლმე, დავიტირეთ, დავკრძალეთ. მეორე დღეს ავედით სასაფლაოზე და, ვხედავ კაცო, მის საფლავზე ლურჯი სვეტია, ზემოთ ჰაერის ბუშტები მიცურავს და წითლად ვარვარებს თითქოს... ვეცი ამის ქმარს, არიქა, ქალი ცოცხალია, ცოცხლად დავმარხეთ-მეთქი. გიჟი ხარო, გაბრაზებით შემომიძახეს აქეთ-იქიდან, მაგრამ ისე ავღელდი, ისე დავიჟინე, ქმარი სულ მოიღვენთა, ქალის დედამ კი ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ამ კაცის მჯერაო და აქედან არ წავალ, სანამ საფლავს არ გათხრითო. ერთი ამბავი ატყდა. ბოლოს, მაინც გათხარეს საფლავი. თან ისე მიყურებდნენ, მივხვდი, თუ შევცდი, იმ ქალს მეც მიმაყოლებდნენ. გათხარეს და, მართლა ცოცხალი არ ყოფილა ის ბედიანი! საღათას ძილი დამართვნია, რაღაც ავადმყოფობა სჭირდა თურმე. ცოცხალ-მკვდარი ამოიყვანეს... ის ოჯახი დღემდე ჩემზე ლოცულობს, მაგრამ ხალხმა ალმაცერად დამიწყო ყურება. თუმცა, იმის შემდეგ, რასაც ვამბობ, მიჯერებენ, მაგრამ... როგორ გითხრა... რასაც თვითონ უნდათ, იმას. წვრილმანებს. აი, როცა ვეუბნებოდი ვინმეს, ნუ იწყევლები, “ამინი” გიდგას გვერდზე-მეთქი, ეგრევე შეშინებული ჩუმდებოდა. ზოგჯერ ტყუილადაც ვამბობდი, ჭირის დღესავით მძულს წყევლა-კრულვა...
თან რა დამემართა მერე... ის თავზე ღრუბელივით რომ ექუფრებოდა ვინმეს, იმას მაშინაც ვხედავდი, სვეტი რომ არც იყო. მიდის, ვთქვათ, კაცი, და თავზე იმოდენა სიმძიმე მოაქვს. შეხედავ, კაი, მშრომელი კაცია, ბუზს არ ააფრენს, რამ დაუგროვა ეგ შავი ჭირი-მეთქი. რას გაიგებ, ვის როდის რა  აქვს აგროვებული. ზოგჯერ მარტო სიტყვებიც კმარა, არა თუ საქმე. ეტყვი და იწყენს, შენს თავს მიხედეო, მოგიბრუნდება. ზოგჯერ გულში ჩახედვა გეზარება ადამიანს, ბნელა გულში საერთოდ. ერთი მყარი ციხესიმაგრეა კაცი, რასაც უნდა, იმას უშვებს გარეთ, შიგნით კი, დარაბებდახურულში, ვის შეახედებს. რა იცი, რა ხდება იქ. ქალი ხომ საერთოდ. ქალისა რას გაიგებ. ხშირად თვითონაც ვერ დაულაგებია ის ციხესიმაგრე. უყრია მასე უწესრიგოდ გრძნობები, სურვილები... ზოგჯერ ისიც ვერ გაუგია, რა უნდა, და მაგის დამალული ხომ საერთოდ ვერ ნახავს მზის სხივს... არა, სხვის გამჟღავნებულს ფარღალალად ანიავებს წუთისოფელში, თავისასაც ზოგჯერ... ზოგჯერ კი ცხრაკლიტულს დაადებს ისეთს, ადამიანის აზრიც ვერ მისწვდება...
რა გამახსენდა...
ერთხელ ცხონებული დედაჩემი მურაბას ხარშავდა. ოთახი ბუზებით გაივსო. აბა რა იქნებოდა... დედაჩემმა ჩვარი მოიმარჯვა და გარეთ გაყრა დაუწყო, არ ეცალა მათ სადევნად. ვერ გაყარა, კაცო... ისე ოსტატურად იმალებოდნენ, ზოგი ჭერზე, ზოგი კუთხეებში, იწვალა, ვერ მოერია. ტკბილის სუნს იყვნენ მიწებებულნი, ტკბილი ეგულებოდათ იმ ოთახში. ხოდა დახურა მაშინ ფანჯარა და დიდი ხოცვა-ჟლეტა დაატრიალა. რა ვიცი, შეიძლება ცუდ მაგალითს ვამბობ... სცადე, უთხარი ვინმეს, სხვის ცოლთან ნუ დადიხარ, შენი იკმარეო... ტკბილზე მიფრინავს... სულ არ ფიქრობს თავის გაღწევაზე... ან ქურდს უთხარი შენი იმყოფინეო, დაგიჯერებს? ეგრეა, სანამ ფანჯრები ღიაა, ვერ ელევი ტკბილ სურნელს, ჰაერში რომ ტრიალებს და პირის ჩატკბარუნების იმედით გავსებს... სურნელი კი რაა, ა, მოკიდე ხელი, დაიჭერ? მერე, ფანჯრები რომ იკეტება და ხოცვა-ჟლეტა იწყება, გვიანია. ამიტომ გავჩუმდი, არავის აღარაფერს ვეუბნებოდი. დავინახავდი ზოგჯერ ღრუბელს რომელიმე თავზე და გავივლიდი წყნარად...
...რა ვიცი, კიდევ რისი გაგება გინდა? რა გითხრა მზიამ?
_ მხოლოდ ის, რომ უცნაური ნიჭის წყალობით შეგიძლიათ ადამიანის ბედი იწინასწარმეტყველოთ...
ალბინოსს ჩაეცინა.
_ არაა მთლად მასე. რაღაცეებს გამოვიცნობ ხოლმე, მაგრამ მერე, რაც უნდა ვთქვა, ხალხს ყველაფრის სჯერა, როცა რამე უბრალოზეა ლაპარაკი. ვთქვათ, ქალაქიდან ჩამოსულ თენგოანთ გოგოზე... მართლა ჩამოსული რომ დახვდეს, ძალიან გამიკვირდება თვითონაც... მაგრამ ის რომ ვუთხრა, თენგოანთ გოგოს თავზე მძიმე ღრუბელი ადევს და თავი დაანებე-თქო, არ დამიჯერებს. უყვარს ძალიან, პატარაობიდანვე... ეგრეა ადამიანი, იმისა სჯერა, რაც უნდა და ეადვილება, არც ვეუბნები ამიტომ... შენ მარტო ამისთვის იარე ამოდენა გზაზე, რომ ეს ჩემი ამბავი მოგესმინა?
_ კი. ჩემს ღრუბელზე რას იტყვი, _ გული ამიჩქარდა.
თეთრმა გოგიმ თვალი თვალში გამიყარა, მერე თავის სიგარეტს დასწვდა.
_ აკი გითხარი, ყველას და ყველაფერს კი ვერ ვხედავ... შენსას ვერ ვხედავ. მართლა. მზიას გამოგზავნილს არ მოგატყუებ.
გააბოლა. მიყურებს. ისევ მეკუმშება გული.
უცებ ერთმა აზრმა გონება გამინათა.
_ კიდევ რა მითხრა, იცით, მზიამ? ძალიან მიყვარდაო მაშინ...
თვალს ვარიდებ. არ მინდა, ამხელა ტყუილის შედეგებს შევეფეთო მის სახეზე...
გაოგნებულს ვემშვიდობები და დაღმართზე თითქმის ჩავრბივარ.
ამაოდ მივლია.
ამას სხვანაირად ჰქონია.
მე ვუყურებ კაცს და უბრალოდ ვგრძნობ, რამდენ ხანს იცოცხლებს.
საშინელებაა.
ვგრძნობ, რითი მოკვდება.
თითქოს რაღაც ხმა მეუბნება.
რატომ, კაცმა არ იცის.
თუ დღეებზეა ლაპარაკი, მძაფრი სუნი მცემს, გალაქული ხის. ზოგჯერ მოულოდნელადაც მცემს და მეორე დღეს რომელიმე ახლობლის სიკვდილის ამბავს ვიგებ...
... იქნებ, ღირდა მეთქვა?
არა, რა აზრი აქვს.
მაინც აიღებს იმ თოფს გასაწმენდად და მაინც გაუვარდება შემთხვევით ტყვია.
როგორც კი მივუახლოვდი, გალაქული ხის სუნმა კინაღამ დამახრჩო.
იმიტომ მოვატყუე, მზიას უყვარდი-მეთქი. მინდოდა, ერთი დღე მაინც იაროს ბედნიერმა, სანამ ბრმა ტყვია იმსხვერპლებს მოულოდნელად.
შუბლზე ცივ ოფლს ვიწმენდ.
თეთრ კაცს გავურბივარ. მის ირგვლივ გალაქული ხის სუნს, ჩემს გარდა რომ ვერავინ გრძნობს.
საკუთარ თავს სად გაექცევი?!
...მაინც რას ველოდი მისგან...
...ღრუბელი თავზე. დაჟინებული გაფრთხილება... წყევლა და სიტყვა... სიავე და სიკვდილი... ნიუტონის მეორე კანონი _ ქმედება ყოველთვის უდრის უკუქმედებას.
ნულზე გამრავლებული სათუო სიამოვნებანი...
რა იოლი სათქმელია “სხვა რა შეგვრჩება” ამ გამრავლების მომენტში...
...რა საზარელი სიცივეა ამ ტოლობის ვითომ შორეულ მეორე ნაპირზე...
ციხესიმაგრეში შეღწეული მძლავრი სხივები, დანაგვიანებულ კუნჭულებს რომ გაანათებს როდესღაც...
...სოფლის შარაზე გავდივარ. წეღანდელი ნაცნობი ბიჭი გზაზე ზის. მე მელოდება.
_ გაარკვიე, რაც გინდოდა? _ მიღიმის ყალბი ღიმილით. ცნობისმოყვარეობა და სიბრაზე კლავს, იმიტომ რომ თენგოანთ გოგო მართლაც არ ჩამოსულა. თეთრ კაცზე და ჩემზე იბოღმება. ბოლო ცდაა, რამე გაიგოს.
აქ, მიყრუებულ სოფელში, ყველაფერი სანახაობაა...
ემოციების სიმწირისგან ყველაზე უარყოფითი ემოციაც გულისსიღრმისეული დაგემოვნებისთვისაა განწირული...
ვუთხრა?
არა?
...ვეტყვი.
_ მოდი აქ.
ხალისით მიახლოვდება.
_ მისმინე და კარგად დაიმახსოვრე. თენგოანთ გოგო არ მოიყვანო ცოლად, ეგ შენგან უჩუმრად სხვასაც ეფიცება სიყვარულს. თუ მოიყვან, ის სხვა ორივეს დაგხოცავთ, ძალიან გიჟია... ერთი კვირაც არ გავა... მაგრამ რა აზრი აქვს, მაინც მოიყვან...
ბიჭი პირდაღებული მიყურებს, სიბრაზისგან სახე ალეწვია...
გვერდს ვუქცევ...
ჩემ გზას მივუყვები...
                               * * *
სხვენიდან ჯერ ფეხები გამოჩნდა, მერე ზურგი, ბოლოს თეთრი თავი. კაცი ფრთხილად ჩამოვიდა ხის კიბიდან, იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა. დაბნეული გამომეტყველებით დასჩერებოდა ძველებურ მძიმე თოფს, ძლივს რომ მიაგნო დიდი ხნის დაულაგებელი სარდაფის უწესრიგობაში. აკანკალებული თითები ხელნაჭედ ვერცხლს გაუსვა, მოეფერა. სიზმარეულს ჰგავდა, გათიშული მზერით და ზანტი მოძრაობებით. მოჭუტული უფერული თვალებით კარგა ხანს ათვალიერა იარაღი. ვინმეს ეგონებოდა, ახლა მთელ თავის უცხო ახლობელ წინაპრებს სწვდებაო ფიქრით. მაგრამ თეთრი კაცი ახლა მხოლოდ თოფს ხედავდა და მის იქით სხვას ვერაფერს...
...სულ სხვაგან იყო აზრებით.
მუქთმიანი ხუჭუჭა გოგო ახსენდებოდა, ბრიალა თვალებიანი. ცდილობდა, მისი ორი ბავშვი წარმოედგინა, ალბათ, დედასავით ხუჭუჭა და თვალებბრიალა...
...ქალისას რას გაიგებ...
...უყრია უწესრიგოდ გრძნობები, სურვილები...
...ზოგჯერ ისიც ვერ გაუგია, რა უნდა...
...უყვარდიო მაშინ...
უყვარდიო?!
ეს წითელი თვალები უყვარდა? დაბადებიდან ჭაღარა თმა?
...და ამ წითელმა თვალებმა ეს არ დაინახა?
...არ დაიჯერა?
და ახლა სხვა კაცის ორი შვილი სკოლაში დადის... აბა ცხვარში ხომ არ ივლიდა... მზია... არა, არ ივლიდა ცხვარში... არ უნდა ევლო... ყველაფერი სწორია... მაგრამ როგორი მძიმეა ყველაფერი...
როგორი მძიმე ყოფილა ყველაფერი...
ახლაღა აღიქვა რატომღაც, ამ თბილისელთან შეხვედრის მერე...
იმ ბოლო ფრაზის მერე, წასვლის წინ რომ ესროლა...
ზოგჯერ გულში ჩახედვა გეზარება ადამიანს.
ბნელა გულში საერთოდ...
...ოხერი, ხელები უკანკალებს, კაცო, თუ რაშია საქმე...
რას იტყვიან...
რას იტყვიან და გაუვარდაო შემთხვევით, რა უნდა თქვან... წმენდდაო და გაუვარდა...
...რა უნდა თქვან...




Комментариев нет:

Отправить комментарий